ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაცია 93 867 მოქალაქეს დაერიცხა, რაც თვითდასაქმებულთა მხოლოდ 11%-ია

gcn.com

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივნისის მდგომარეობით უმუშევრობის 300-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადი 149 747 თვითდასაქმებულმა შეავსო, აქედან მოთხოვნა 93 867 პირს დაუკმაყოფილდა, რაც ჯამურად განაცხადთა დაახლოებით 62%-ს შეადგენს. 

ამგვარად, პროგრამის ფარგლებში 28160 000 ლარი გადაირცხა, პროგრამის ბიუჯეტი კი 75 მილიონი ლარია. ოფიციალური სტატისტიკით, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 820 000-ს აღემატება, ხოლო თვითდასაქმებულთა საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხა მხოლოდ 250 ათასი პირისთვის იქნებოდა საკმარისი. ამის მიუხედავად, გასაგებია, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე კომპენსაციას საგრძნობლად ნაკლები თვითდასაქმებული მიიღებს, ამის მიზეზი კი მთავრობის სტრატეგიაა. 

შეგახსენებთ, რომ თვითდასაქმებული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებას, თუ ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული პირის მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენს შემოსავლის შესახებ. ამ ჯგუფში ვერ მოხვდნენ ძიძები, მძღოლები ანდა სოფლად დასაქმებული ადამიანები, რომელთაც მსგავსი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს. შედეგად, ამ დროისთვის 300- ლარიანი კომპენსაცია ოფიციალურად თვითდასაქმებულთა მხოლოდ 11,4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება 200-ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას დაქირავებით დასაქმებულთათვის, ამ დახმარებით სულ 90 775-მა მოქალაქემ ისარგებლა და ამ დროისთვის გადარიცხულია 18 151 000 ლარი. ეს კომპენსაცია იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე დაქირავებით მუშაობდნენ და ბოლო თვეებში დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავალი. 

პრემიერის თქმით, ამ პროგრამებით სარგებლობას შეძლებს 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტს ჯამურად 460 მილიონი ლარი დაუჯდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ თანხა სრულად ვერ იქნება ათვისებული, რადგან რეგისტრაცია 1 ივლისს მთავრდება. 

კომენტარები