აშშ-პოლონეთი

ტრამპი: გერმანიიდან აშშ-ს ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გადავიყვანოთ

Newsweek

25 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პანდემიის მიმდინარეობისას პირველ უცხოელ ლიდერს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას თეთრ სახლში უმასპინძლა

"გერმანიაში ჩვენი სამხედრო ძალების [რიცხვს] შევამცირებთ. ზოგი სახლში დაბრუნდება, ზოგი სხვა ადგილას წავა, თუმცა პოლონეთი ერთ-ერთი ასეთი ადგილი იქნებოდა," – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას. 

ტრამპის ამ განცხადებაზე დუდამ თქვა, რომ პოლონეთი მასპინძლობისთვის მზად არის – "დღეს ჩვენ სხვა ეტაპზე გადავდივართ, ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, აშშ-ს სამხედროების რიცხვი გაიზარდოს". 

ორი ქვეყნის ლიდერებმა თქვეს, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ ხელს მოაწერენ თავდაცვაში თანამშრომლობის შეთანხმებაზე. ამ შეთანხმებით აშშ პოლონეთში მეტ ჯარისკაცს გაგზავნის და ორ ქვეყნას შორის თავდაცვის თვალსაზრისით კავშირი გაღრმავდება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთისთვის ძლიერი მესიჯი იქნება," – განაცხადა ტრამპმა იმ დროს, როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებს რუსული ენერგიის შესყიდვის გამო აკრიტიკებდა. 

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გერმანია რუსული ენერგიის შესყიდვისათვის: "მე ვამბობ: რისთვის ხდება ეს? შენ მილიარდობით დოლარს აძლევ რუსეთს და შემდეგ ჩვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია... ჩვენ მხოლოდ კმაყოფილები ვიქნებით, როცა ყველა წევრი სამართლიან წვლილს შეიტანს".

ტრამპმა აშშ-სა და პოლონეთის მეგობრობა შეაქო: "ჩვენ თითქმის 250 წლის განმავლობაში ნამდვილი და სანდო მეგობრები ვართ".

დონალდ ტრამპმა პრესკონფერნეციაზე ასევე თქვა, რომ აშშ და პოლონეთი პოლონეთში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობასაც განიხილავენ. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის "სასიცოცხლო ალიანსს" ამოწმებს.

პოლონური მედია წერს, რომ აშშ-მ პოლონეთს, შესაძლოა, კიდევ 1 000 ჯარისკაცის განთავსება შესთავაზოს.

15 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის გერმანიაში აშშ-ს სამხედროების რიცხვის 25 000-მდე შემცირებას აპირებს. მანამდე, 5 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პენტაგონს გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანა უბრძანა. გეგმის შესაძლო ამოქმედებამდე ეს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანია NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში 1%-ს იხდის, მაშინ როდესაც 2%-ს უნდა იხდიდეს და 2%-ც ძალიან ცოტაა – "ამაზე მეტი უნდა იყოს".

ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკის წამყვანი სამხედრო ოფიცრის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალი მარკ მილის რამდენიმეთვიანი  მუშაობის შედეგია და ამას საერთო არაფერი აქვს ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის არსებულ დაძაბულობასთან.

ოფიციალურმა პირმა ადმინისტრაციიდან აღნიშნა, რომ 9 500 ჯარისკაცს სხვა ადგილას გადაიყვანენ – ზოგს პოლონეთში, ნაწილს - სხვა მოკავშირე ქვეყნებში და ზოგი კი შინ დაბრუნდება. 

მისივე თქმით, აშშ-ის ლიდერობით NATO-ს სამხედრო ალიანსის ჯამურად გაზრდილი თავდაცვის ხარჯების გამო გერმანიაში ძალიან დიდი კონტინგენტის ყოლა აღარ არის საჭირო.

ამ დროისათვის გერმანია ევროპაში ყველაზე მეტ ამერიკელ სამხედროს მასპინძლობს. მას მოსდევენ იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი.

ცნობებს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი. ის იმედოვნებს, რომ ზოგ ამერიკელ ჯარისკაცს პოლონეთში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი NATO-სთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ. 

2019 წლის ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინსტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევს:

"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე 2%". 

ამჟამად NATO-ს წევრი მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვის სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია: აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ყველა ევროპული ქვეყანა ალიანსში თავდაცვისთვის ხარჯავს1.51%-ს.

გერმანიას ევროპასა და NATO-ში აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის. უნდა დაიწყოთ ფულის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ამას გარდა, მან განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია. 

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ". – მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

5 ივნისს სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქციების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება.

კომენტარები