გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი ქსენოფობი კანდიდატის მხარდასაჭერად არასამთავრობოებს კიცხავს

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში ქსენოფობი კანდიდატის, სოფო კილაძის მხარდასაჭერად არასამთავრობოებს კიცხავს. მან ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის დამფუძნებელს, ანა აბაშიძეს მიმართა. საქმე ეხება გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ "კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით, ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით".

საქართველოში გერმანიის ელჩი კი წუხილს გამოთქვამს "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული". 

"სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, პირადი ხასიათის თავდასხმები პოლიტიკურ პარტიებს შორის შეჯიბრის დროს ხდება ხოლმე. განსაკუთრებით საქართველოში, რომელსაც აქვს გაუსაძლისად პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმ ფაქტს, რომ ისინი აკეთებენ საკითხებთან და მიზნებთან დაკავშირებულ ღირებულ საქმეს, ნაცვლად იმისა, რომ ამ დონეზე დაეშვან. 

გთხოვთ, ასევე, მენდეთ, რომ გერმანიის მისია ჟენევაში მიიღებს ადეკვატურ ინფორმაციას ჩვენი და სხვა საელჩოებისგან იმისათვის, რომ ჩამოიყალიბოს აზრი თითოეულ წარმოდგენილ კანდიდატზე. 

მადლობელი ვიქნები, თუ თქვენ გადაუგზავნით ჩემს ამ შენიშვნებს იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიმართვას ჟენევაში მყოფი დიპლომატიური მისიებისადმი" - ნათქვამია ჰუბერტ კნირშის წერილში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გამონათქვამებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. ლგბტქ+ ორგანიზაციები წლებია, ითხოვენ კილაძის გადადგომას, რადგან, მათი შეფასებით, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უგრძნობი და მტრულად განწყობილია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.

2018 წელს არასამთავრობოების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა გაწერილი იყო, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა". 

ამას მოჰყვა ლგბტ აქტივისტების აქცია, სადაც მათ კილაძის გადადგომა მოითხოვეს. იქვე გაიმართა ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფის კონტრაქციაც, რომლებმაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. 

გარდა ამისა, სოფიო კილაძე  LGBT პირებისადმი ძალადობაზე ფიქრობდა, რომ "მედიაც უწყობს ხელს ამით აჟიტირებას და პროპაგანდას". ის ასევე მიიჩნევდა, რომ "ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა და ამას მთელი საზოგადოება მიესალმება" . 2020 წელს კი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობაზე Tbilisi Pride-ის დამფუძნებელს უარი უთხრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტები 17 მაისს ვერ ახერხებენ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, ისინი 2013 წელს ძალადობრივად დაარბია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ. ლგბტ აქტივისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო არ ზრუნავს და არ იცავს მათი კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

სოფო კილაძე 2019 წელს რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა - უმცირესობის წარმომადგენელი არაერთი სასულიერო ლიდერის განცხადებით, მისი მოქმედებები მიმართული იყო უმცირესობათა რელიგიურ ავტონომიაში ჩარევისა და დენომინაციების დახარისხებისკენ.

იმავე სულისკვეთებას ვხედავთ სახალხო დამცველის 25 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის არგუმენტით, საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. თუმცა სამუშაო ჯგუფის შეკრების პირველივე დღიდან მთავარ საკითხად რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი განიხილებოდა.

"განხილვის პროცესში, რელიგიათა საბჭოს წევრმა ოცმა რელიგიურმა გაერთიანებამ საერთო პოზიცია შეიმუშავა
რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების ან დამატებითი
რეგულაციების დაწესების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამასთან, რელიგიური გაერთიანებების წევრთა უმრავლესობისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა
ინიციატივები რელიგიური გაერთიანებების დეფინიციის გაწერის და სახელმწიფოს მიერ
სასულიერო პირის განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, რამდენადაც
სახელმწიფოსთვის ამ შესაძლებლობების გადაცემაში რელიგიური გაერთიანებების
ავტონომიაში ჩარევის, კონფესიებისა და დენომინაციების დახარისხების, იერარქიზაციისა
და დისკრიმინაციული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის საფრთხეს ხედავენ,

ამას გარდა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ნეგატიურად შეაფასა ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური სამოსის რეგულაციის შესახებ პარლამენტში წამოყენებული ინიციატივები" - ნათქვამია ანგარიშში.

სოფო კილაძეს, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ მას მისი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენაზე რეაქცია არ ჰქონია. კოალიციამ თანასწორობისათვის 2019 წლის დასაწყისში შეშფოთება გამოთქვა სოფო კილაძის უმოქმედობის გამო, "რომელმაც ვერც სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთა შეძლო და არც საკუთარი კოლეგის მიერ ამგვარი ენის გამოყენებას გაემიჯნა".

მოგვიანებით, 26 ივნისს, სოფო კილაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინი სამშობლოს მტრებად შერაცხა:

"დიდი ხანია, ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ NGO-ების ნაწილი ებრძვის თავის სამშობლოს, მაგრამ ახლა, მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ განცხადებით, რომ ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს".

კომენტარები