ტურიზმი

გახარია: კონკრეტულ ქვეყნებთან იქნება 1-დან ფრენები, ამის მართვა ჩვენთვის უფრო მარტივია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ფრენების გადავადების ერთადერთი მიზანი და მიზეზია "მოქალაქეზე ზრუნვა ისე, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დავანგრიოთ". ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, ევროპული საქართველოს დეპუტატების, გიგა ბოკერიას და გიორგი კანდელაკის კითხვებზე პასუხად თქვა. მანვე აღნიშნა, რომ "ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო". გახარიას თქმით, "შეგვიყვანენ, გარწმუნებთ".

მისი თქმით, "პირველი რიცხვიდან" რეისები კონკრეტულ მწვანე ზონებში შესრულდება. მას თვე არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი კონკრეტულ ქვეყნებთან ფრენების აღდგენას ევროკავშირის მიერ საზღვრის გახსნისთანავე აანონსებს, სავარაუდოდ, ივლისს გულისხმობს. 

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ერთადერთი მიზნით - საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირიდან. გარწმუნებთ, ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირ მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება, ეს ჩვენთვის მმართველობის ნაწილში უფრო მარტივია - კონკრეტულ ავიაკომპანიებს, კონკრეტულ სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულ მწვანე ზონებში პირდაპირი რეისები დავნიშნოთ, უპრობლემოდ. 

ეს [რეგულარული ფრენების გადავადება] ჩვენ ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, მეგობრებო, თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, მაგაზე ნუ ღელავთ, რა. არავინ არაფრით არ დაზარალდება, გერმანიაზეც იქნება ფრენები, ამსტერდამზეც იქნებაა" - ამბობს გახარია.

კითხვაზე, როდის იქნება, პრემიერმინისტრი პასუხობს - "როცა იქნება საჭირო, მაშინ. როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს".

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

მოგვიანებით, იმავე დღეს Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის. 

კომენტარები