ტურიზმი

თურნავა: ივლისში "მწვანე ქვეყნებთან" ჩარტერულ ფრენებს Airzena-ს გარდა, სხვა კომპანიაც შეასრულებს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ივლისის თვეში ჩარტერული ფრენები კონკრეტულ მიმართულებებით შესრულდება. ნათია თურნავას თქმით, ჩარტერულ რეისებზე აირზენას გარდა ევროპული ავიაკომპანიებიც იქნებიან.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით გადავწიოთ, 1-ლ აგვისტომდე, მასობრივი რომ არ იყოს, უამრავი ფრენა გვქონდა ჩვენ, მაგრამ შესრულდება ჩარტერული ფრენები. აირზენამაც გამოაქვეყნა, სულ მცირე სამი მიმართულება, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი, მოლაპარაკებები გვაქვს ევროპულ კომპანიებთან, ჩარტერზე" - ამბობს თურნავა.

კითხვაზე, რომ აირზენას ბილეთები 750 ევრო ღირს, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "ჰო, ნუ, ეს არის კომერციული ფრენები" და რეგულარული ფრენებიც არის ხოლმე ასეთი ფასის.

"პირველი და მთავარია, რომ ეს პროცესი არ მივუშვათ თვითდინებაზე და ის მონაპოვარი არ დავთმოთ, რასაც ჰქვია უსაფრთხოება. ეს იქნება კონტროლირებადი, ძალიან კარგად მართული პროცესი, იქნება შესაძლებლობა ფრენის, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმებით, რომელიც არის ეპიდემიოლოგიურად ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებული" - ამბობს ნათია თურნავა და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს რეგულარული ფრენების კონტროლის ბერკეტი არ აქვს.

"ჩარტერული ფრენები მაინც საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას და ჩვენ შეგვიძლია, მიმართულებებიდან და მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველვყოთ შესაბამისი ღონისძიებები - იქნება ეს კარანტინი თუ ტესტირება. ანუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი სტიქიურად არ მივუშვათ, გადავდოთ რეგულარული ფრენები, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩარტერული ფრენები კიდევ უფრო მეტი მიმართულებით, ვიდრე გვაქვს" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

პირველი ივლისიდან კონკრეტულ "მწვანე ქვეყნებთან" რეისების დანიშვნაზე პარლამენტში პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც ილაპარაკა. მისი თქმით, "გერმანიაზეც იქნება ფრენები, ამსტერდამზეც იქნება... როცა იქნება საჭირო, მაშინ. როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს".

"ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირ მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება, ეს ჩვენთვის მმართველობის ნაწილში უფრო მარტივია - კონკრეტულ ავიაკომპანიებს, კონკრეტულ სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულ მწვანე ზონებში პირდაპირი რეისები დავნიშნოთ, უპრობლემოდ" - ამბობს გახარია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 25 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

მოგვიანებით, იმავე დღეს Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის. 

კომენტარები