ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში უშიშროების ახალი კანონის საფუძველზე პირველი მომიტინგე დააკავეს

EPA

ჰონგ-კონგში 30 ივნისს ჩინეთის პარლამენტის მიერ მიღებული უშიშროების ახალი კანონის საფუძველზე უკვე დააკავეს ერთი ადამიანი. მას დამოუკიდებლობის მხარდამჭერი დროშა ეკავა.

დღეს, პირველ ივლისს 23 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქი დიდი ბრიტანეთისაგან ჩინეთს გადაეცა. ჩვეულებრივ, დემოკრატიის მომხრე აქტივისტები ამ თარიღს მასშტაბური აქციით აღნიშნავენ ხოლმე, თუმცა დღეს მარში ჩატარების უფლება მათ არ მისცეს და მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელეს. პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ჩინეთმა 30 ივნისს ჰონგ-კონგის ეროვნული კანონი მიიღო, რასაც სი ძინპინმა უკვე ხელი მოაწერა. ახალი კანონის დეტალები მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გასაჯაროვდა.

სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება სულ მცირე 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება.

ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისს გახსნის, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. 

ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნა შეეძლება, იუსტიციის მინისტრს შეუძლია გადაწყვიტოს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება.

ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

კომენტარები