ეკონომიკა

გახარია: ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

TV Pirveli

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ე.წ. "მწვანე კორიდორების" შექმნის საკითხზე ისაუბრა. გახარიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის საზღვრების გახსნა "საქართველოს თითოეული მოქალაქის მიღწევაა" და ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ ისე უნდა გამოიყენოს, რომ არ დაუშვას ვირუსის გავრცელება. 

გახარია ამბობს, რომ მთავრობისა და ქვეყნის მთავარი მიზანი სწორედ ვირუსის შეჩერებაა, რაც, ასევე, ნიშნავს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას. შეგახსნებთ, რომ საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. 

ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

გიორგი გახარია ე.წ. "მწვანე კორიდორების" საკითხსაც შეეხო."საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე. ეს მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მუშაობა, ასევე, უნდა იყოს უკიდურესად გონივრული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეფექტურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ე.წ. "მწვანე კორიდორების" საკითხზე წინა თვეებში მთავრობა აქტიურად ლაპარაკობდა. მთავრობის არაერთი წევრი ამბობდა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამგვარ კორიდორებს აამოქმედებდა. "მწვანე კორიდორის" შექმნის საკითხი განიხილებოდა ისრაელთან და ბალტიის ქვეყნებთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე უცნობია, თუ როდის გაიხსენება მიმოსვლა ამ ქვეყნებთან. 

 

კომენტარები