ერთიანი ეროვნული გამოცდები

რა შემთხვევაში უნდა ეკეთოთ აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადე - ამირან გამყრელიძის განმარტება

კვირის პალიტრა

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი პირბადით უნდა მივიდეს, თუმცა, თავის მაგიდასთან მის მოხსნას შეძლებს. გამოცდის მიმდინარეობის დროს ფანჯრები ღია იქნება, მაგრამ, თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, კონდიციონერს ჩართავენ. 

გამყრელიძის განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ, თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.  

გამყრელიძის განმარტებით, საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებსა და ზედამხედველებთან კონტაქტისას, საუბრისას აბიტურიენტს პირბადე უნდა ეკეთოს. 

"მაგიდები არის უფრო მეჩხერად. თუ შარშან და შარშანწინ ერთ ოთახში, შეიძლება, ყოფილიყო 20 მაგიდა, წელს ეს შემცირებულია, განახევრებულია. მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინა და უკან - დაახლოებით, ერთი მეტრი. არის დეზობარიერი. 

მაგიდასთან დაჯდომის დროს აბიტურიენტს თუ არ უნდა, რომ ატაროს პირბადე, შეუძლია, მოიხსნას. თუმცა, თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებს, აუცილებელია, მას პირბადით ესაუბროს. თუ ტუალეტში გასვლა უნდა, აუცილებელია, გავიდეს პირბადით. როცა დაასრულებს და უნდა წაიღოს ნაწერი ჩასაბარებლად, უნდა იყოს პირბადით", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

რაც შეეხება კონდიციონერს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კონდიციონერები შენობებში გამოცდების დაწყების წინ იქნება ჩართული, დაწყებისას კი მათ გათიშავენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩართავენ, თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს. აბიტურიენტებმა კონდიციონერის ჩართვის შემთხვევაში პირბადე უნდა გაიკეთონ. 

"ყველა ოთახში იქნება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. თუ ოთახის შიდა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება კონდიციონერი, რომლითაც აღჭურვილია ყველა ოთახი. მათი ჩართვის დროს აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ ნიღაბი" , - ამბობს გამყრელიძე. 

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ გამოცდამდე კორონავირუსის სიმპტომები ექნება - წაიკითხეთ აქ. 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. სამაგისტრო გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 25 ივლისს.

კომენტარები