გენდერული კვოტები

"საჭიროა დროებითი ხელოვნური ზომები, 10-15 წლით" - ენმ პარლამენტში ქალთა კვოტირებას მხარს უჭერს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ქალთა კვოტირებას მხარს უჭერს. ამის შესახებ TV პირველის ეთერში რომან გოცირიძემ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საჭიროა დროებითი ხელოვნური ზომების მიღება. 

"რა თქმა უნდა, გადაჭარბება არ შეიძლება და ხელოვნური თანასწორობის შექმნა არ ამართლებს, მითუმეტეს, არც ბიზნესში, სხვათა შორის, ევროპაში უფრო შორს არიან წასულები და დიდ კორპორაციებში აუცილებლად ქალი უნდა იყოს მენეჯერულ თანამდებობაზე, რაც, რა თქმა უნდა, ზედმეტი გადახრაა, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ ჩვენი ისტორიიდან - საქართველოში ქალი არ არის თავისუფალი, ეს არის სუფრული ლეგენდები და მხოლოდ სუფრაზეა ქალი მუზა და პოეზიის სამყაროს მასტიმულიზებელი" - ამბობს გოცირიძე და კითხულობს - "საჭესთან რამდენი ქალი ზის? ასიდან ალბათ, ერთი".

ენმ-ის დეპუტატის შეფასებით, "პროცესები გვიჩვენებს, რომ საჭიროა ხელოვნური, დროებითი ზომები. უამრავი ფაქტია იმისა, რომ ქალების მდგომარეობა არის ცუდი. თუ ჩვენ რაღაც სეგმენტში წავახალისებთ ქალთა მონაწილეობას, ათი წელიწადი, თხუთმეტიწელი [კარგი იქნება]".

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სავალდებულო გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. 2028 წლიდან კი, ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

"თვითმმართველობის არჩევნებზე კი, სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავენ, რამდენიმე წელია, გენდერული კვოტების შემოღებას ითხოვენ.

საკანონდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, გეგმავს მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები