ტაივანი - ჰონგ-კონგი

ტაივანი მოქალაქეებს ურჩევს, ჰონგ-კონგში, კონტინენტურ ჩინეთში ვიზიტისგან თავი შეიკავონ

ჰონგ-კონგი. 2019 წელი.
Shutterstock

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონის მიღების შემდეგ ტაივანმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ჰონგ-კონგში, მაკაოსა ან კონტინენტურ ჩინეთში არასავალდებულო ვიზიტისგან ან ტრანზიტისგან თავი შეიკავონ.

დემოკრატიულ ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად თვლის, კანონს გმობენ. ტაივანში ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადეს. ტაივანის მთავრობამ ჰონგ-კონგელებს, რომლებიც პოლიტიკური მიზეზით ქალაქს დატოვებენ, დახმარება აღუთქვა.

ტაივანის კონტინენტურ საქმეთა საკონსულოს ვიცეხელმძღვანელმა, ჩი ჩიუ-ჩენგმა, თაიფეიში საუბრისას თქვა, რომ კანონი "ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელია", რაც ყველგან ვრცელდება.

"ტაივანელმა ხალხმა ჰონგ-კონგში, მაკაოსა და კონტინენტურ ჩინეთში არასაჭირო მოგზაურობები ან ტრანზიტი თავიდან უნდა აირიდოს," - თქვა მან.

ჩიუს განცხადებით, ჰონგ-კონგში დე ფაქტო საკონსულო მუშაობას გააგრძელებს.

"გასვლის ინიციატივას არ გამოვიჩენთ, სანამ საგარეო ფაქტორები არ იქნება. ბოლო წუთამდე დავრჩებით," - აღნიშნა მან.

ტაივანისა და ჩინეთის ურთიერთობებში ჰონგ-კონგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით კი 2008 წლამდე, როდესაც ტაივანსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები არ იყო. ჰონგ-კონგის აეროპორტს ტაივანელები ხშირად იყენებენ ტრანზიტისთვის.

ჩინეთი ტაივანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და, ასევე, ქვეყანაში არაერთ ტაივანელს აქვს ბიზნესი.

პირველ ივლისს, მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგის ახალი კანონები ამოქმედდა, ტაივანში გაიხსნა ორგანიზაცია, რომელიც ჰონგ-კონგიდან წამოსულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევს,  მათ შორის, დასაქმების და მოქალაქეობის მიღების მხრივ.

ჩიუს თქმით, გახსნის პირველ დღეს ოფისს ჰონგ-კონგიდან 180-მა პირმა მიმართა.

ახალი კანონებით, სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში გახსნის უშიშროების ოფისს, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველი შეძლებს, ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე დანიშნოს მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

კანონის 38-ე მუხლის მიხედვით დამრღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის პირიც, რომელიც ჰონგ-კონგში არ იმყოფება და მოქალაქე არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონების საფუძველზე, შესაძლოა, უცხოეთის მოქალაქეებიც დააკავონ.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

კანონის მიღების შემდეგ მის საფუძველზე უკვე დააკავეს 10 ადამიანი. პირველ ივლისს გამართულ აქციაზე სულ 360-მდე მომიტინგე დააკავეს.

უშიშროების ახალი კანონებისა და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

უშიშროების ახალი კანონის პასუხად დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებს ცხოვრების უფლების, შემდეგ კი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას დაჰპირდა.

აშშ-ს უკვე დაწყებული აქვს ჰონგ-კონგისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმების პროცესი. აშშ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგის გამო სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ასევე, 2 ივლისს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ჰონგ-კონგში უშიშროების კანონის მიღების გამო ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება ტაივანს, შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს. 29 მაისს ჩინეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ მისი დამოუკიდებლობის შესაჩერებლად სხვა გზა არ იქნება. 

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, ძალას გამოიყენებენ, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად პრეზიდენტი ინ-ვენი გახდა, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

უმეტესი სხვა ქვეყნების მსგავსად, შეერთებული შტატებს ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, თუმცა, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისთვის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

კომენტარები