საპროტესტო აქციები აშშ-ში

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში მომიტინგეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს. მისი ნაწილები ნავსადგურში წაიღეს და წყალში ჩაყარეს. 

ძეგლის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

CNN-ის ცნობით, ადგილზე, მინიმუმ 300 ადამიანი შეიკრიბა. 

ძეგლი რომელიც ქალაქში 30 წლის წინ დადგეს, ჩამოგდებისას დაიშალა და მისი ნაწილები პორტში ჩაყარეს. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ძეგლებზე თავდასხმები ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრატებმა მიზანში ამოიღეს რამდენიმე სხვადასხვა ლიდერის, მოღვაწისა და მონებით მოვაჭრის ძეგლები. 

აშშ-ში გამოსვლები ძეგლების აღების მოთხოვნით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

ძეგლების აღების მოთხოვნით ევროპის ქვეყნებშიც გამოვიდნენ. დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. პარლამენტის მოედანზე მდგარი ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს, რადგან აქციის მონაწილეებმა მას დააწერეს: "ის რასისტი იყო". ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვდნენ. 

კომენტარები