სერბეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა. დაზარალებულებს შორის არიან როგორც აქციის წევრები, ასევე პოლიციელები. სერბეთის უშიშროების სამსახურებმა აქციის კონტროლისთვის ჯავშნოსანი ტრანსპორტიორები, ცხენოსანი პოლიცია, ძაღლები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაპირისპირებისას აქციის წევრები პოლიციას ქვებს, ცარიელ ბოთლებს და სასიგნალო რაკეტებს უშენდნენ.
ოთხშაბათს დაშავდნენ ოპოზიციის ლიდერები ბოსკო ობრადოვიჩი და სერგეი ტრიფუნოვიჩი, რომლებსაც დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება სურდათ.
დემონსტრაციას, რომელიც ბელგრადში დაიწყო, აქციები მოჰყვა სერბეთის სხვა ქალაქებშიც, ნოვი სადსა და ნისში.
საპროტესტო მოძრაობას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა დემონსტრანტებმა კრონავირუსის კონტროლისთვის შექმნილი საგანგებო კრების გადადგომა მოითხოვეს. კრების წევრებში შედიან პრემიერმინისტრი ანა ბრნაბიჩი და ჯანდაცვის მინისტრი ზორან ლონჩარი.
მას შემდეგ, რაც სერბეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ბელგრადში შაბათ-კვირას კომენდანტის საათის შემოღება გადაწყდა. კომენდანტის საათის შემოღებას მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა და 7 ივლისს ხალხმა პარლამენტის წინ დაიწყო შეკრება. აქციის დროს საღამოს 10 საათისთვის დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პარლამენტში შეჭრა მოახერხა.
ოთხშაბათს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათს, ალბათ, არ შემოიღებენ. ასევე, მან გადადო თავისი ვიზიტი საფრანგეთში. პრეზიდენტმა მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, შეეწყვიტათ დემონსტრაციები, ვინაიდან აქციები ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას.