გიორგი შაქარაშვილის საქმე

ადვოკატი: რატომღაც ხალხს გული დაწყდა, რომ ბილანიშვილი არაა ამ საქმეში, ეგონათ, დააკავებდნენ

ფორმულა

"რაც არ უნდა ალიბი დავდოთ, მაინც, რატომღაც ხალხს ძალიან გული დაწყდა გუშინ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი არ იყო ამ საქმეში და გულისწყვეტა შევნიშნე ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ რომ ბილანიშვილი უნდა ყოფილიყო დაკავებული".- ამბობს ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ადვოკატი, თამარ აბესაძე. 

როგორც ადვოკატი ტელეკომპანია ფორმულასთან ამბობს, ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი ტელეფონის ამოღება თავად შესთავაზა, იმისათვის, რომ  "ეჭვები არ ყოფილიყო დარჩენილი". 

მისივე თქმით, 18 ივნისის ღამეს, ბილანიშვილი ნახალოვკაში, "უბანში" იყო და ამის მოწმეებიც არსებობენ. ადვოკატის თქმით, აქტიურ მდგომარეობაში იყო ტელეფონიც და სოციალური ქსელიც. აბესაძე ამბობს, რომ შსს-ს ყველა მტკიცებულება წარუდგინეს. 

"ავთანდილ ბილანაშვილის მიერ იქნა წინადადება წამოყენებული ტელეფონის ამოღებაზე. არ ვიცოდით, რას აპირებდა სამინისტრო, ამიტომ ეჭვები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, რომ ეს ტელეფონი იყოს წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროში. აღადგინონ ყველა მესიჯი, აღადგინონ გამავალი და შემავალი ზარი, რაც იქნება, რითაც დადასტურდება რომ არანაირი კავშირი არ არის".- ამბობს ადვოკატი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა. 

მედიაში გავრცელებული კადრებით, 19 ივნისს, გამთენიისას, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი თეთრი სატვირთო მიკროავტობუსიდან გადმოდის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარს და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ ხვდება, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს. 

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

8 ივლისს, 17:19 საათზე, იმ დროს, როცა შსს-ში "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე" ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი" კაწროა. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანიშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

კომენტარები