გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბილანიშვილი: რაღაცას მტენიან, ყველამ კარგად იცის, რომ არაფერ შუაში ვარ

facebook/ავთანდილ ბილანიშვილი

ქუჩის ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იმავე "კაწროს" მტკიცებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არც დაკავებულებს და არც დაზარალებულებს არ იცნობს. ინტერვიუ ბილანიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას მისცა. მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის შესახებ ტელევიზიით გაიგო.

"რა თქმა უნდა, არანაირი შემხებლობა არ მაქვს არც დაზარალებულებთან, არც მოძალადეებთან. საერთოდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. არც შორეული ნაცნობობა მაკავშირებს, "ვაბშე" არ ვიცნობ" - ამბობს ბილანიშვილი და აღნიშნავს, რომ "ალიბი" აქვს.

"ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება, სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. ჩემი ტელეფონი [საგამოძიებო ორგანოში] დავტოვე. მივეცი ჩვენება, სად ვიყავი და რას ვშვრებოდი მაგ დღეებში. ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ... ალიბიც მაქვს და საერთოდ ზარიც კი არ მაქვს არცერთთან გაშვებული ან გამოშვებული. არანაირი კონტაქტი აბსოლუტურად არ მქონდა" - ამბობს ბილანიშვილი TV ფორმულასთან და განმარტავს, რომ გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს. 

"ნამდვილად მინდა, აეხადოს ფარდა და არ მქონდეს ეს რაღაც ბინძური ლაქა. შვილი მყავს ოჯახი მყავს... ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მითუმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან, ყველამ კარგად იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ" - თქვა ბილანიშვილმა.

კადრებში, რომელიც 19 ივნისის სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

8 ივლისს, 17:19 საათზე, იმ დროს, როცა შსს-ში "მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე" ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი" კაწროა. ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა. 

"დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი - თბილისის მიმართულებით" - აცხადებს შსს.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

კომენტარები