გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეში პირადი ცხოვრების კადრებზე გამოძიება ცალკე დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში პირადი ცხოვრების კადრებზე გამოძიება ცალკე დაიწყო.

კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

აღნიშნულის გამო, 2020 წლის 9 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე იმავე დღეს გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს". - წერია უწყების განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა დღეს, 9 ივლისს თქვა, რომ გამოძიებამ მას შეცდომით მიაწოდა საქმის ერთ-ერთი მონაწილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. როგორც მამულაშვილი ამბობს, მოგვიანებით სამართალდამცველებმა მას ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს, მასალის გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით.

ინფორმაცია თავდაპირველად ფორმულამ გაავრცელა.

მამულაშვილმა ტელეკომპანიას უთხრა, რომ ხელწერილს ხელი არ მოაწერა, ვინაიდან მისი მხრიდან ამ მასალის გასაჯაროების საფრთხე არ არსებობს.

„[მასალა] იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის. მასში ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო - მათივე მოქმედებით მოხვდა [მასალა] ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, - თქვა ადვოკატმა, ვასო მამულაშვილმა ფორმულასთან სატელეფონო კომენტარში.

გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისის ღამით დაიღუპა. ის 4 დღის განმავლობაში დაკარგული იყო. მაშველებმა მის ცხედარს 22 ივნისს, მდინარე არაგვში მიაგნეს.

გარდაცვალებამდე შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად მცხეთაში, დაბადების დღეზე იყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაბადების დღეზე, სადაც დაახლოებით 35 სტუმარი იმყოფებოდა, დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებას შაქარაშვილი და მისი მეგობრები გაერიდნენ. დაპირისპირებაში ჩართული ახალგაზრდების ნაწილმა, "ნახალოვკელებმა", მეგობრებს დახმარება სთხოვეს და თბილისიდან "გამოიძახეს". მცხეთაში ისინი 2 მანქანით ჩავიდნენ. ერთ-ერთი ადამიანი რკინის კეტით იყო შეიარაღებული.

როცა ისინი მცხეთაში მივიდნენ, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და კიდევ 2 ადამიანი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე იყვნენ და მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, რათა წასულიყვნენ ლისის ტბაზე, სადაც, დაპირისპირების შემდეგ, დაბადების დღის სტუმრების ნაწილს წვეულება უნდა გაეგრძელებინა. სწორედ აქ გაუსწორდნენ ნაძალადეველები შაქარაშვილს და მის მეგობრებს. ნაწილი დაიმალა, ნაწილი – გაიქცა. სწორედ ამ მომენტიდან გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.

საქმის გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.

დაკავებულია 17 ადამიანი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები