აია-სოფია

თურქეთის სასამართლო აია-სოფიას საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
bursasancak

თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების საკითხზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ, 10 ივლისს გამოაცხადებს.

Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია, რომ სასამართლო გააუქმებს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ყოფილი ქრისტიანული ტაძარი კვლავ მეჩეთი გახდეს.

გაზეთ Hurriyet-ის ჟურნალისტი აბდულკადირ სელვი კი წერს, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის 10 ივლისს გამოქვეყნდება.

"ერი ამას 86 წელია ელის. სასამართლო აია-სოფიას ბორკილებს ახსნის". - წერს ის.

2 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესაძლებლობაზე იმსჯელა, კონკრეტულად კი იმაზე, კანონიერი იყო თუ არა მისი მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება. განხილვა 17 წუთს გაგრძელდა და გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადაიდო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთს მოუწოდა, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები