ცრუ შეტყობინება

მელაძე ცრუ შეტყობინებაზე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისას მედია ექსპერიმენტს მიმართავს

ნოდარ მელაძე / Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, 112-ში ჩხუბის შესახებ მოქალაქემ დარეკა, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი TV პირველის ჟურნალისტი დახვდა. უწყების ცნობით, ჟურნალისტმა განმარტა, რომ ცრუ შეტყობინება შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ტაბულა დაუკავშირდა ტვ პირველის მთავარ პროდიუსერს, ნოდარ მელაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ საგამოძიებო უწყების მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით მზადდებოდა სიუჟეტი, სწორედ ამიტომ, რეპორტაჟის გადასაღებად სატელევიზიო ექსპერიმენტი ჩატარდა.

კითხვაზე, თუ რამდენად ეთიკურია მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ, როდესაც საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მედია ექსპერიმენტებს მიმართავს, თუნდაც ასეთს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ფოტოგრაფის საქმის დეტალის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვნახეთ პოლიციის საეჭვო მოქმედება. ჩვენ გვაინტერესებდა, პოლიცია ყოველთვის ასე მოქმედებს თუ მხოლოდ ფოტოგრაფის საქმეში მოქმედებდა ასე. როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მედია ცდილობს ფაქტების გადამოწმებას, ასე მოხდა ამ შემთხვევაში". – ამბობს მელაძე ტაბულასთან საუბარში.

მელაძის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით თუ იქნება სამართლებრივი "პრეტენზია", ტელეკომპანიის იურისტები გაერკვევიან დეტალებში. მისივე თქმით, სიუჟეტის მომზადებამდე იურისტებთან ჰქონდათ კომუნიკაცია და "მერე შესაბამისად ვიმოქმედეთ".

ცრუ შეტყობინება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. მომდარ ფაქტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 174(​15) მუხლი შეესაბამება, რაც საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის  − "112"-ის − არამიზნობრივი გამოყენებას გულისხმობს, რაც გაფრთხილებას, ან გამოძახებული ჯგუფის ადგილზე მისვლის შემდგომ პირის დაჯარიმებას გულისმხმობს.

კომენტარები