კრიმინალი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც გლდანში კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა

flickr

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა. 9 ივლისის ღამის ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ - 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს ბინის კარს არ უღებდა" - აცხადებს შსს.

ბ.შ. დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.

ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც კაცმა გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები