კორონავირუსი იაპონიაში

Covid-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ტოკიო ღამის კლუბებს კომპენსაციას გადაუხდის და დახურავს

The Guardian

ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ღამის კლუბებს ხელისუფლება კომპენსაციას გადაუხდის და დახურავს.

ბოლო 24 საათში ქალაქში ინფიცირების 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდი დღიური ზრდაა. ინფიცირებულთა 80%-ის ასაკი 20-დან 30 წლამდე მერყეობს. შემთხვევების ნაწილი მაშინ გამოავლინეს, როდესაც გასართობ უბანში ტესტირებას ატარებდნენ.

ამ დრომდე ხელისუფლება უარს ამბობდა დახურვის სანაცვლოდ ღამით მოქმედი ბიზნესებისათვის დახმარება შეეთავაზებინა. ახლა ტოკიოს მთავრობა 10 დღით დახურვის სანაცვლოდ კლუბებს 500 000 იენს ($ 4 670) გადაუხდის.

იაპონიაში ახალი კორონავირუსი სულ 20 371 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 981.

ჩინეთის შემდეგ იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. საგანგებო მდგომარეობა აპრილში გამოაცხადეს და მაისში მოხსნეს. ხელისუფლების მიერ გაცემული მითითებები სარეკომენდაციო ხასიათის იყო და მათი დარღვევისთვის ჯარიმები არ დაწესებულა.

კომენტარები