რუსეთი

რუსეთის დუმა YouTube-ს რეფერენდუმზე საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაში ადანაშაულებს

DW

რუსეთის სახელმწიფო დუმის უცხოეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის ფაქტების გამოძიების კომისიას სჯერა, რომ YouTube-მა კონსტიტუციური ცვლილებების რეფერენდუმზე საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება მოახდინა. 

"თუ თქვენ YouTube-ში ჩაწერთ 'კონსტიტუციური ცვლილებების რეფერენდუმს', მაშინვე [ნახავთ] ნეგატიური მასალის მთელ განყოფილებას," – წერს საბჭოს ხელმძღვანელი, ვასილი პისკარიოვი

პისკარიოვის მიხედვით, 3 ივნისიდან პირველ ივლისამდე "საგარეო ინფორმაციის რესურსებმა" რეფერენდუმზე 200 ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. საბჭომ ეს ინფორმაცია რუსეთის გენერალურ პროკურორს გაუგზავნა. 

დუმის საბჭო ასევე ირწმუნება, რომ მათ აღმოაჩინეს რეფერენდუმზე "პროვოკაციული, ყალბი და დამანგრეველი ინფორმაციის გავრცელების მტკიცებულება" Meduza-ს, Current Time TV-ს, Deutsche Welle-ს, Open Media-ს, MBKh Media-ს, RFE/RL-ის, BBC-ს რუსული სამსახურის და ამერიკის ხმის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში. 

პისკარიოვმა აღნიშნულ მედიებზე ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისშიც ილაპარაკა. პისკარიოვი გასული წლის შემოდგომის არჩევნებზეც ადანაშაულებდა ამ მედიებს საარჩევნო კანონების დარღვევაში.

რუსეთში ამომრჩეველთა 77.92%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. რუსეთის ცესკოს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 67.97%-მა.

რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების წასახალისებლად კრემლმა პირველი ივლისი დასვენების დღედ გამოაცხადა და ამომრჩევლებისთვის პრიზები დააწესა, მათ შორის, გათამაშდა მანქანები და ბინები.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დარღვევები არ ყოფილა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ 2 100-ზე მეტი საჩივარი მიუვიდათ დარღვევების თაობაზე, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლისა და ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ერთზე მეტჯერ მიცემის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, მაგრამ ეს ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და კიდევ 6 ან 12 წელს მართოს ქვეყანა.

კომენტარები