გიორგი შაქარაშვილის საქმე

"სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა" – შაქარაშვილის საქმის ექსპერტი

"ფაქტი არის ის, რომ ეს დაზიანებები ერთობლიობაში წყალში გადავარდნისას ან რაიმესთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა" – ამბობს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე. 

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ის სრულად იზიარებს 10 ივლისს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით, თუმცა, გარდაცვალებამდე გიორგი შაქარაშვილს მკვივრ-ბლაგვი საგნით არაერთი დაზიანება აქვს მიყენებული. 

"არაერთმა ადვოკატმა თქვა, აქამდე როგორ არ იცოდნენ და აქამდე როგორ არ თქვეს, რომ სიკდვილის მიზეზი ასფიქსიააო. ამის თქმის რესურსი ლაბორატორიული კვლევის შედეგების სრულყოფილად მიღებამდე არ გაგვაჩნდა". – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. 

ექსპერტის თქმით, შეამოწმეს გიორგი შაქარაშვილის სისხლიც, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ის გარდაცვალებამდე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. შედეგად, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების დროს თითქმის ფხიზელი აღმოჩნდა

"აღებული იქნა სისხლი, როგორც ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებით აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იყო სიკვდილის დროს". – ამბობს ექსპერტი. 

ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგანაც, თუ ის თრობის ქვეშ იქნებოდა, შესაძლოა, ფეხბურთელს გადაადგილებასა თუ ორიენტაციაში შეფერხებები ჰქონოდა. 

რაც შეეხება დაზიანებებს, ექსპერტები მაკროსკოპულად გვამის პირველადი დათვალიერებისთანავე ამბობდნენ, რომ სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც ძირითადად სისხლნაჟღენთებითა და სისხლჩაქცევებით იყო გამოხატული. ალექსანდრე გეჯაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა, რაც ძირითადად კონცენტრირებული იყო სახის, მენჯისა და მუცლის ქვედა ნახევრის მიდამოებში. 

"რაც შეეხება სახის მიდამოს დაზიანებებს, მას საკმაოდ ტლანქი ტრავმა აქვს – ორივე თვალბუდის სისხლნაჟღენთების სახით, ორივე თვალის კერაში დიფუზიური წითელი სისხლჩაქცევების სახით. ეს თვალბუდის სისხლნაჟღენთები გადადის ცხვირის მარცხენა და მარჯვენა ზედაპირებზე. შუბლის არეში გვაქვს არაერთი სისხლნაჟღენთი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, შუბლში არსებული სისხლნაჟღენთების შესაბამისად განვითარებული გვაქვს სიცოცხლის დროინდელი სისხლჩაქცევა. 

ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახის არეშიც საკმაო სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი მკვრივ-ბლაგვი მატრავმირებელი ფაქტორის თვალსაზრისით.

ამავდროულად, რა ხდება ახლა მუცლის და მენჯის პროექციაზე:

ჩვენ გვაქვს არაერთჯერადი მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად გემატომები, ანუ სისხლჩაქცევები, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს, სადღაც თირკმლების პროექციასთან მიმართებაში. ამავდროულად ეს სხეულის უკანა ზედაპირს გულისხმობს, წელის არეშიც. მუცლის წინა ზედაპირზე საზარდულის პროექციასთან და თეძოს ქედთან მიმართებით გვაქვს მარცხენა მხარეს საკმაოდ ფართო კანქვეშა სისხლნაჟღენთი. სადღაც 35 სმ-მდე დიამეტრის, რომლის შესაბამისადაც, ეს სისხლჩაქცევა ვრცელდება მცირე მენჯის ზედაპირზე, ატარებს მასიურ ხასიათს. 

სახეზე გვაქვს, როგორც სხეულის წინა მარცხენა მხარეს, ასევე წელის არეში მიყენებული არანაკლებ ორი დაზიანება საკმაო ძალის გამოყენებით, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სივრცეში და ასევე მცირე მენჯის წინა ზედაპირებზე. 

ცალსახად ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა, მას სჭირდებოდა საკმაო ძალის ზემოქმედება". – ამბობს ექსპერტი. 

შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს დაზიანებები მიყენებული რკინის ბლაგვი საგნით, როგორც ეს არის მოწმეების ჩვენებაში, ალექსანდრე გეჯაძე პასუხობს, იმისათვის, რომ გაირკვეს კონკრეტულად რომელი დაზიანება რომელი საგნით იყო მიყენებული და რომელი დაზიანება რა შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღო გიორგი შაქარაშვილს, დიდი ალბათობით, გამოძიებამ კომისიის ექსპერტიზა უნდა დანიშნოს. 

ექსპერტის განმარტებით, კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს და წარადგინოს ექსპერტთა კომისიის მიერ ოქმი და სხვა მტკიცებულებები. 

"ამ ექსპერტიზის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, მიმაჩნია, რომ ჩატარდება კომპლექსურად, მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტ-კრიმინალისტები და, შესაძლოა, სხვა სპეციალისტებიც.

არ არის გამორიცხული, მოგვიწიოს იმ რელიეფის შესწავლა, რომელიც არის ციცაბო და გამოძიება ალბათ დღეს-ხვალ, შეიძლება ცოტა ან კარგა ხნის მერე მივა ან ერთ, ან მეორე ან მესამე ვერსიაზე, თუ რა შემთხვევაში შესაძლებელი იყო". – თქვა ალექსანდრე გეჯაძემ. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო - 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები