MH17

ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ MH17-ის ჩამოგდების გამო სარჩელს შეიტანს ECHR-ში

ნიდერლანდების მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების გამო სარჩელს შეიტანს.

"განხილვა არის ახალი ნაბიჯი ჩვენს მცდელობებში, დადგინდეს სიმართლე, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება," - თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა. 

მისივე თქმით, მთავრობა ჩამოგდებულ თვითმფრინავზე სასამართლოს ყველა ინფორმაციას გადასცემს.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობას ამ დრომდე უარყოფს.

2018 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე - ლეონიდ ხარჩენკოზე.

გირკინი ამბობს, რომ ამბოხებულებს კავშირი არა აქვთ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. სხვა ეჭვმიტანილები კომენტარს არ აკეთებენ.

პროკურორების თქმით ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ 298 ადამიანის მკვლელობა და თვითმფრინავის ჩამოგდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციაზე უარს ამბობს. გარდა ამისა, კრემლი არ აღიარებს საერთაშორისო გამოძიების და დამოუკიდებელი სასამართლოს ლეგიტიმურობას.

კომენტარები