გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ბიძა: ბოლომდე ვინ გაედევნა ვიცი, ციხიდან რომ არ გამოვახედებ, ისიც ვიცი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ იცის, ვინ დაედევნა შაქარაშვილს. 

"ზღვარი გადის ბოლო ეპიზოდშიც კი. ერთია, რამდენი ადამიანი მისდევდა და მეორეა, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის გამოდევნება. ბოლომდე ვინც მიჰყვა, ისიც ვიცი, რამდენი გაჰყვა, ისიც ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვახედებ, ისიც ვიცი", - ამბობს ნიკოლაძე. 

ნიკოლაძის თქმით, ტოიოტა კამრიდან გადმოსული ექვსი ადამიანიდან ნაწილი გურამ ამირხანაშვილთან დარჩა, ნაწილი კი გიორგი შაქარაშვილს დაედევნა. 

დღეს, 10 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე შაქარაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული. 

"სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

საქმის დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკის და არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო - 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები