შინაგან საქმეთა სამინისტრო

მედიაში გასული ანონსი და ამის შემდეგ დაკავებული მოქალაქეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გასული ანონსის შემდეგ 24 ივნისს თბილისში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულები დააკავა. 

გუშინ, 10 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ." 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ და 2000 წელს დაბადებული გ.კ. 2000 წელს დაბადებული დ.კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა. 

გ.კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ.ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

"საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები