ბულგარეთი

ბულგარეთში ათასობით მომიტინგე კორუფციას აპროტესტებს, მთავრობის გადადგომას ითხოვს

ბულგარეთში ათასობით მოქალაქე კორუფციას, უკვე მესამე დღეა, აპროტესტებს და პრემიერმინისტრ ბოიკო ბორისოვის მთავრობის, გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვს

"მაფია", "გადადექი"! – გაიძახოდნენ მომიტინგეები.

ისინი მთავრობასა და პროკურორს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების საქმეების გამოძიების განზრახ გადადებაში ადანაშაულებენ, "სახელმწიფო მიტაცებას" და "მაფიური სტილით მმართველობას" აპროტესტებენ.

აქცია ბულგარეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

10 ივლისს პოლიციამ დაპირისპირების დროს 18 მომიტინგე დააკავა, 11 ივლისს აქციებმა მეტწილად მშვიდობიანად ჩაიარა.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებია.

11 ივლისს მთავრობისა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტიც შეუერთდა.

მანამდე, ეროვნული დაცვის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩაატარა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი დააკავა. მომიტინგეები ამ ქმედებას პრეზიდენტ რუმან რადევზე თავდასხმად განიხილავენ, რადგან ის მთავრობის კრიტიკოსია.

"სხვადასხვა ასაკის და პოლიტიკური შეხედულებების ბულგარელები კანონის უზენაესობის და საბაზისო სამოქალაქო უფლებების აღდგენას ითხოვენ, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურად ირღვევა. ბრაზი დიდია. ეს წლების განმავლობაში გროვდებოდა და ძალით ან შიშით ვერ იქნება ჩახშობილი," – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ეროვნული დაცვის სამსახური (NSO) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შევიდა, რაც რადევმა NSO-ს მოუწოდა, აჰმედ დოგნანის დაცვა შეეწყვიტა. აჰმედ დოგნანი ბიზნესმენი და პოლიტიკური პარტიის, მოძრაობა უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის (DPS) საპატიო თავმჯდომარე და ბულგარეთის ერთერთი გავლენიანი ფიგურაა. 

ბულგარეთში არაერთი ადამიანი თვლის, რომ DPS ქვეყნის სასმართლო სისტემას აკონტროლებს, მათ შორის პროკურატურას. 

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს ბულგარეთში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა შავი ზღვის სანაპიროზე, ბურგასთან. მომიტინგეები საჯარო სანაპირო ზოლზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც აჰმედ დოგანის სახლია. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დოგანის დამცველმა ეროვნული დაცვის სამსახურმა ლიბერალური პარტიის ლიდერი სანაპირო ზოლზე არ დაუშვა.

პრემიერმინისტრმა ბორისოვმა თქვა, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს შემოსავალი გაიზარდა, აშენდა ახალი ავტომაგისტრალები და ახალი კორონავირუსის ფონზე გადადგომას არ აპირებს. 

"უკვე იმდენი გავაკეთეთ, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, [მთავრობაში] არაფერი გვაჩერებს პასუხისმგებლობის გარდა". – წერს ბორისოვი.

პრემიერმინისტრის პარტია GERB-ში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი რადევი ცეცხლს უნთებს პოლიტიკურ კრიზისს. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ამჟამად GERB ბულგარეთის ყველაზე პოპულარული პარტიაა. 

ბორისოვი 2009 წლიდან არის ძალაუფლებაში. მისი მესამე ვადა მომავალ წელს სრულდება. საყოველთაო არჩევნები 2021 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

კომენტარები