ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა. მეუფე იაკობი ამბობს, რომ, სამართალდამცველ ორგანოებს მან ვერ შეამჩნია, რომ ვინმეს ხელს აფარებენ.
"სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება ამბავი და თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიონ. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს, ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია, ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა". – ამბობს მეუფე იაკობი.
ეპისკოპოსის თქმით, "ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს", თუმცა ფიქრობს, რომ სიმართლეს გამოძიებაც დაადგენდა.
"ჟურნალისტებმა ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია, ძიება აქამდე არ მისულიყო. ალბათ უფრო ღრმადაც ჩავლენ. ჩემთვის გულსატკენია ისიც, რომ აქეთაც ახალგაზრდებია და რამდენი ადამიანი იღუპება. იქით გარდაცვლილი გვყავს, აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა ... ჩემი თხოვნა იქნება, ნებისმიერი პირების მიმართ, რომ ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას, პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან, რა. ვინც პოლიტიკოსია, არ მოიტყუონ ახლა, ტელევიზიის დირექტორი ვარ, ან რაღაცაო..". – ამბობს მეუფე იაკობი.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.
10 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე შაქარაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული.
საქმის დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკისა და არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.