ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: ოპოზიციის მიმართ ძალადობა პერსონალურ სანქციებამდე მიგვიყვანს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში, რომელსაც კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან, 165 შესწორება მომზადდა. შესწორებებში საუბარია კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე. ხაზგასმულია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა. საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ ვენეციის კომიტეტის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

53-ე შესწორებაში, რომელიც ევროპარლამენტარებს, ანა ფოტიგას, ჰერმან ჰერმან ტერჩშს, კოსმა ზლოტოვსკის და იაჩეკ სარიუზ-ვოლსკის ეკუთვნის ნათქვამია, რომ თუ არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობა მოხდება, მასში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესდებათ:

"8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გამოვხატავთ იმედს პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზების თაობაზე წინასაარჩევნო პერიოდში. იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ძალადობისგან და პოლიტიკური მიზნებით სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებისგან თავისუფალი იქნება. ხაზს ვუსვამთ, რომ ადმინისტრაციული რესურსების კვლავ ბოროტად გამოყენება და ძალადობრივი ქმედებები ლეგიტიმური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებამდე მიგვიყვანს იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც ამ ქმედებებს აქეზებს და მათ წინააღმდეგ, ვინც ამას სჩადის".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშის განხილვა მაისში გაიმართა. ანგარიშს კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან. უფრო ვრცლად სამართლიანი არჩევნების თაობაზე დოკუმენტში შესულ შესწორებებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები