სასამართლო სისტემა

მოსამართლეობის კანდიდატი აშშ-ს კრიტიკაზე: სასამართლოს აღქმა უფრო ცუდია, ვიდრე რეალობა

მინდა ვენდო სასამართლოს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, გოჩა აბუსერიძე ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე ამის აღქმა არსებობს და "ალბათ ამან გამოიწვია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი [კრიტიკული] შეფასება".

აბუსერიძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მოუსმინა.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აბუსერიძეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ანგარიშის შესახებ ჰკითხა, რომელშიც სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა კომპეტენცია პრობლემად არის შეფასებული.

ჯანეზაშვილმა ჰკითხა:

"სასამართლოსთან მიმართებაში ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო საკმაოდ უარყოფითად შეფასებული და ასევე, მათ შორის, მოსამართლეების კომპეტენციაც. თქვენ რითი ასაბუთებთ ამას? აი, თქვენ რასაც საუბრობთ ახლა, ამის საპირისპირო იწერება ანგარიშებში. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. რა ახსნა აქვს ამას, თქვენი აზრით?

აბუსერიძემ უპასუხა:

'ჩემი მიდგომა არის შემდეგი რა … ანუ, ერთია, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის უწყება და, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება და მეორეა აღქმა, თუ როგორ აღიქმება ამ უწყების მუშაობა. იმიტომ ვთქვი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასამართლოს მიმართულებით ეს არის უფრო მეტი გახსნილობა. ჩემი მოსაზრებით, კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება რომ ყოფილიყო, სასამართლოს საქმიანობის განხორციელების რეალობიდან გამომდინარე, ალბათ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. და, ზოგადად, აღქმა არის უფრო ცუდი, ვიდრე რეალური სიტუაცია და ალბათ, ამან გამოიწვია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი შეფასება".

აბუსერიძე რამდენიმე თვის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. ის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. სააპელაციო სასამართლომდე აბუსერიძე ქუთაისში მუშაობდა.

კომენტარები