ოჯახში ძალადობა

POG: 30 ივნისს კაცმა ქალის დაწვა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა, მას ბრალი დაუზუსტდა

www.gwf-online.org

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შ. გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. აქამდე წარდგენილ ბრალს ძალადობის მუხლი და გენდერის ნიშნით მკვლელობის მცდელობა დაემატა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 30 ივნისს შ. გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. შ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, 24 წლის ქალს კი ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ და საავადმყოფიში გადაიყვანეს. ცეცხლის წაკიდების შედეგად ქალმა მრავლობითი დამწვრობა და ძლიერი შოკი მიიღო.  

სამართალდამცველებმა ს. შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ. გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ. გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს. შ.-ზე ფიზიკურად იძალადა. 2020 წლის 13 ივლისს შ. გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ), ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა - ორი ეპიზოდი)". – აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები