აზერბაიჯანი-სომხეთი

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს - ერთი ერი, ორი სახელმწიფო

ჰულუსი აკარი
Reuters

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც იგი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებაში აზერბაიჯანს უჭერს მხარს და სრულ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

"ჩვენ ვგმობთ სომხური მხარის სამხედრო მოქმედებებს აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს, ხოლო დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც, მრავალი წელია, აგრესიულად ახდენს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას. ჩვენ ერთგულნი ვართ პრინციპის – ერთი ერი, ორი სახელმწიფო". – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმაც გააკეთა კომენტარი.

პესკოვი მწუხარებას გამოთქვამს ორმხრივი სროლის გამო და მხარეებს თავშეკავებისკებისკენ მოუწოდებს. პესკოვის თქმით, რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე მზაადაა, შუამდგომლობითი სამსახური გაუწიოს მხარეებს ურთიერთობის დარეგულირებისთვის.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება, მესამე დღეა, გრძელდება. დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი, ასევე ორი სომეხი სამხედრო. აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. სამი დღის განმავლობაში დაპირისპირების დროს სულ 11 აზერბაიჯანელი დაიღუპა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და კაპიტანი.

სომხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, თუმცა ის პოზიციები, საიდანაც ისროდნენ, გაანადგურეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა.

დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. 

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვართან აზერბაიჯანის ქმედებას პროვოკაცია უწოდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, თუმცა, დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

კომენტარები