აზერბაიჯანი-სომხეთი

სომხური მედია: პრემიერისა და მთავრობის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

Twitter

სომხური მედიის მიხედვით გუშინ, 14 ივლისს, სომხეთის პრემიერმინისტრისა და მთავრობის ვებგვერდებზე – premierminister.am და gov.am კიბერთავდასხმა მოხდა. სანამ გვერდები გაითიშებოდა, მათზე ჩანდა აზერბაიჯანის დროშა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვით გამოსვლა სათაურით "ყარაბაღი აზერბაიჯანია" და აზერბაიჯანელი სამხედროს, მუბარიზ იბრაჰიმოვის ფოტო, რომელიც 2010 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპა და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

ამ დროისთვის ვებგვერდები აღდგენილია.

პარალელურად, ბაქოს ქუჩებში მასობრივი მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებიც სომხეთთან საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირების გამო სამხედრო მობილიზაციას ითხოვდნენ. იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობაც. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება, მეოთხე დღეა, გრძელდება. 14 ივლისს დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი, ასევე ორი სომეხი სამხედრო. აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი პოლკოვნიკია. სულ აზერბაიჯანის მხარეს 11 ადამიანია დაღუპული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, სომხეთმა კი ის პოზიციები გაანადგურა, საიდანაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა. ისინი ირწმუნებიან, რომ სომხეთის მხარეს 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს და სომხეთი ამას მალავს.

დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან დაიწყო. 

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვართან აზერბაიჯანის ქმედებას პროვოკაცია უწოდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, თუმცა, დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

კომენტარები