ტურიზმი

"აღდგეს რეგულარული ფრენები" - მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება

ტაბულა

"აღდგეს რეგულარული ფრენები" – ამ მოთხოვნით ტურისტული სფეროს წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. 

ისინი ხელისუფლებისგან საჰაერო სივრცის გახსნას და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნას მოითხოვენ. 

როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი TV პირველთან საუბრისას ამბობს, თუ მთავრობა საზღვრებს არ გახსნის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ მრავალი სექტორი უმუშევრად დარჩება.  

"გამოვიყენოთ ის დარჩენილი პერიოდი რომელშიც შეიძლება ტურისტები ჩამოვიდნენ, მე საუბარი მაქვს სექტემბერზე და ოქტომბერზე, რომელზე მოთხოვნებიც, რეალურად, ასე თუ ისე, არის". – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცოტნე ჯაფარიძე. 

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა მსგავსი მოთხოვნით აქცია 6 ივლისსაც გამართეს

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

ოფიციალურად რეგულარული ფრენები პირველი აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა, ფინანსთა მინისტრმა 2 ივლისს თქვა, რომ "საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს". მისი აზრით, "შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა".

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, უსაფრთხო ქვეყნების რეკომენდებული სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი. რაც შეეხება იტალიას, იქ შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ.

უფრო ვრცლად ტურისტულ სექტორში შექმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები