აქცია რუსეთში

მოსკოვში პუტინის და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ აქციაზე 140-ზე მეტი პირი დააკავეს

TASS

რუსეთის პოლიციამ მოსკოვში, პუტინის საწინააღმდეგო აქციაზე 140-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტები და ოპოზიციონერებიც.

აქციაზე აპროტესტებდნენ რუსეთის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საშუალებას მისცემს პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი.

დაკავებამდე პარტია "იაბლოკოს" წევრი იულია გაილამინა მომხრეებთან ერთად პუშკინის მოედანზე აგროვებდა ხელმოწერებს რეფორმების წინააღმდეგ, რათა ცვლილებები სასამართლოში გაასაჩივროს. მოგვიანებით მან დაწერა, რომ 5 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს.

მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ საკონსტუტუციო ცვლილებებზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გაყალბებულია.

დამოუკიდებელი დამკვირვებლები და მეცნიერები ამბობენ, რომ რუსეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმი უპრეცედენტო დარღვევებით ჩატარდა.

რუსეთის ცესკოს ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 65%-მა და მათგან 77.92% ცვლილებებს ემხრობა, 21.27% კი წინააღმდეგია. ისინი ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმი სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონი თავად ცესკომ დაარღვია, როდესაც წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადა.

ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ.

რეფერენდუმამდე კრემლი ცდილობდა, ყურადღება გადაეტანა იმ ფაქტიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი იყო პუტინისათვის საპრეზიდენტო ვადების განულება და იმის უზრუნველყოფა, რომ მას კიდევ ორი ვადით შესძლებოდა პრეზიდენტის პოსტის დაკავება. სანაცვლოდ, ისინი სხვა ისეთ საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიცაა სოციალური დახმარების გაზრდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მაისის გამოკითხვის მიხედვით, პუტინისადმი ნდობა რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 28%-ს ჰქონდა. ორი წლის წინ ნდობის მაჩვენებელი 47% იყო.

კომენტარები