რუსი ჰაკერები

რუსმა ჯაშუშებმა COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევების მოპარვა სცადეს

GETTY IMAGES

დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში ორგანიზაციები, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, რუსი ჰაკერების კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, ჰაკერები რუსული სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობენ. ცენტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ორგანიზაციები გახდნენ კიბერთავდასხმის სამიზნე, ან მოახერხეს თუ არა ჰაკერებმა ინფორმაციის მოპარვა. კიბერთავდასხმას ვაქცინაზე მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.

ჰაკერები ჯგუფ APT29-ის წევრები არიან, რომელიც ასევე ცნობილია როგორ "the Dukes" და "Cozy Bear". 

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, ისინი 95%-ით არიან დარწმუნებული იმაში, რომ APT29 რუსული სადაზვერვო სამსახურის ნაწილია.  

"სრულებით მიუღებელია, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები მიზანში იღებენ იმათ, ვინც კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. მაშინ როცა სხვები საკუთარი ეგოისტური მიზნების მიღწევას უპასუხისმგებლო ქცევით ცდილობენ, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გულმოდგინედ აგრძელებენ მუშაობას ვაქცინის საპოვნელად და საყოველთაო ჯანმრთელობის დასაცავად" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა.

ანგარიში კიბერთავდასხმის შესახებ გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სამსახურმა, კანადის კომუნიკაციების უსაფრთხოების ცენტრმა, აშშ-ს შინაგანი უშიშროების დეპარტამენტმა და აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტომ. 

“2020 წლის განმავლობაში APT29-მ კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მიზანში ამოიღო რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულები არიან Covid-19-ის ვაქცინის შექმნაში, დიდი ალბათობით ინფორმაცისაა და Covid-19-ის ვაქცინის შემუშავებისა და ტესტირების შესახებ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის მიზნით.” - წერია ანგარიშში.

კომენტარები