აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი სომხეთს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით დაემუქრა

აზერბაიჯანი სომხეთს დაემუქრა, რომ, თუ  სომხეთი დაარტყამს აზერბაიჯანის წყლის რეზერვუარებს, ისინი მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე განახორციელებენ თავდასხმას.

"სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენს არმიას მაღალი დონის სარაკეტო სისტემა აქვს, რომელსაც შეუძლია, ზუსტი დარტყმები მიაყენოს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს და ეს სომხეთისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება". - თქვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ვაგიფ დარგიახლიმ.

სომხეთში მუქარას გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მუქარა აზერბაიჯანის სასოწარკვეთილებასა და პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მენტალურ კრიზისზე მიუთითებს. ისინი მიუთითებენ, რომ მსგავსი თავდასხმა საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონების დარღვევა იქნება, ისევე, როგორც ჟენევის კონვენციის პროტოკოლისა.

"ასეთი მუქარები ნათლად აჩვენებს აზერბაიჯანის გენოციდურ და ტერორისტულ განზრახვებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. ისინი აზერბაიჯანს მოუწოდებენ, უკან წაიღონ ეს მუქარა, რომელიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ თავად აზერბაიჯანსაც.

12 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება და უკვე მეხუთე დღეა, რაც გრძელდება. აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი და ერთი პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპნენ ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა დაპირისპირებაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებას საზღვართან პროვოკაცია უწოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და სცადა აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, სომხეთმა კი ის პოზიციები გაანადგურა, საიდანაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა დაბომბა სოფელი აღდამი, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა. ისინი ირწმუნებიან, რომ სომხეთის მხარეს 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს და სომხეთი ამას მალავს. დაპირისპირების დაწყების შემდეგ ბაქოში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები სამხედრო მობილიზაციის დაწყებას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, მოხდა კიბერთავდასხმა სომხეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ვებგვერდებზე.

წაიკითხეთ ვრცლად: რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე? - ინტერვიუ თორნიკე გორდაძესთან

კომენტარები