რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: Сovid-19-ის პირველი სამამულო ვაქცინა მზადაა

"ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, პირველი რუსული ვაქცინა მზადაა". – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა განაცხადა. 

"ჩვენი სპეციალისტებისა და გამალეის სახელობის ნაციონალური კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ გაკეთდა ვაქცინის კლინიკური ცდების საბოლოო შეფასება. საავადმყოფოდან გაწერის მომენტში, უკლებლივ ყველა მოხალისეს აქვს იმუნიტეტი და თავს გრძნობენ ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა". – განაცხადა ცალიკოვმა.

ამ განცხადების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ვაქცინის წარმოება. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური თავდაცვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ხელმძღვანელმა, სერგეი ბარისევიჩმა განაცხადა, რომ ვაქცინის მასობრივ წარმოებამდე საჭირო იქნება ანალიტიკური საქმიანობის რამდენიმე ეტაპის გავლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაქცინის დამზადების პროცესში გამალეის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ნაციონალურ ცენტრთან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში ვაქცინის ცდების პროცესში ჩაერთვნენ სამხედრო მოსამსახურეებიც. მოხალისე სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი საავადმყოფოდან 15 ივლისს, ხოლო მეორე ჯგუფი 20 ივლისს გაწერეს. 

გუშინ, 20 ივლისს, გამოცემა Bloomberg-ი წერდა, რომ რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა აპრილიდან ჰქონდათ. გამოცემის პასუხად, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპერიმენტულ ვაქცინაზე წვდომა მხოლოდ მოხალისეებს ჰქონდათ.

კომენტარები