დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

"რუსეთი ბრიტანეთს ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აღიქვამს" - საპარლამენტო კომიტეტის ანგარიში

PA

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სადაზვერვო და უშიშროების კომიტეტმა რუსეთის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია რუსეთთან ურთიერთობაზე და კრემლიდან მომავალ საფრთხეებზე.

"დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსწორების რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ ბოლო წლებში მომხდარმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამას არავითარი გავლენა არ ჰქონია რუსეთის განზრახვებზე და შესაბამისად რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეზე".

ანგარიშის მიხედვით, რუსეთი დიდ ბრიტანეთს დასავლეთში "ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ" აღიქვამს, რადგან აშშ-სთან ახლო ურთიერთობა აქვს და დასავლეთში ანტი-რუსული ლობის ცენტრს წარმოადგენს.

"როგორც ჩანს, რუსეთი დიდ ბრიტანეთს ერთ-ერთი მთავარ სამიზნეს განიხილავს დასავლეთის ქვეყნებს შორის. ჩვენ ისეთი საფრთხის ქვეშ არ ვართ, როგორც რუსეთის საზღვარზე მდებარე ქვეყნები, მაგრამ, მოწმეების მიხედვით, აშშ-სა და ნატოს შემდეგ ვართ პრიორიტეტების სიაში. ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება დიდი ბრიტანეთის ახლო კავშირებს აშშ-სთან და ფაქტს, რომ დიდ ბრიტანეთს აღიქვამენ დასავლეთში ანტი-რუსული ლობის ცენტრად".

ანგარიშში საუბარია რუსულ კიბერ-თავდასხმებზე და ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენების მზაობის გათვალისწინებით, ეს ღრმა შეშფოთების საგანს უნდა წარმოადგენდეს, რადგან დიდი ბრიტანეთის ეროვნულ უშიშროებას მყისიერ საფრთხეს უქმნის. ასევე განხილულია რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომლისთვისაც კრემლი პროპაგანდისტულ მედიებს, ტროლებს და ბოტებს იყენებს:

"დეზინფორმაცია ერთი კონკრეტული შედეგის მისაღებად არ გამოიყენება. მას უფრო ფართო მიზანი აქვს, შექმნას უნდობლობის ატმოსფერო და დაყოს საზოგადოება". – ნათქვამია ანგარიშში და მაგალითებად მოყვანილია Russia Today-ი და Sputnik-ი, ასევე სოციალურ ქსელებში მოქმედი ბოტები და ტროლები, კიბერ-თავდასხმების, ინფორმაციის მოპარვის და გავრცელების მეთოდები, რომლებიც აშშ-ს 2016 წლის და საფრანგეთის 2017 წლის არჩევნების დროს გამოიყენეს და პოლიტიკური ჩარევა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა ჯგუფებს აჯილდოებენ ყირიმის ანექსიის და GRU-ს მიერ დაგეგმილი გადატრიალებების მხარდაჭერისათვის.

"საერთო ჯამში, დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული პროცესების დაცვა "ცხელ კარტოფილად" იქცა. არც ერთ ორგანიზაცია არ ცნობს საკუთარ თავს, როგორც წამყვანს ამ მიმართულებით". – ნათქვამია ანგარიშში და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო და სხვა სამსახურების მხრიდან საპასუხო ქმედებების ნაკლებობა არის გაკრიტიკებული.

ასევე აღნიშნულია რუსი ოლიგარქების დაინტერესება ბრიტანეთით:

"გაერთიანებულმა სამეფომ კარი გაუხსნა რუსულ ფულს და ცოტა კითხვები დაისვა ამ სიმდიდრის წარმომავლობაზე. როგორც ჩანს, ბრიტანეთის მთავრობას იმ დროს სწამდა (უფრო მეტად იმედოვნებდა, ვიდრე მოელოდა), რომ მსხვილ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება ეთიკური და გამჭვირვალე პრაქტიკის ხელშეწყობით, კარგ მმართველობას და კანონებზე დამყარებულ სავაჭრო გარემოს წაახალისებდა.

ახლა ნათელია, რომ ეს კონტრ-პროდუქტიული იყო და იდეალურ მექანიზმს წარმოადგენდა უკანონო ფინანსების გასათეთრებლად, რასაც ლონდონის "ლონდრომეტი" უწოდეს. ფული ჩაიდო ბრიტანეთში, ფართო სფეროებში გავლენების მოსაპოვებლად - პიარის კომპანიებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ ინტერესებში, აკადემიაში და კულტურულ დაწესებულებებში, რაც ხელს უწყობდა "რეპუტაციის გათეთრების" პროცესს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიტანეთში რუსული გავლენა ახალი ნორმაა და სიმდიდრის გამო ბიზნესსა და სოციალურ სფეროში ბევრი რუსია ინტეგრირებული, რომლებსაც პუტინთან ახლო კავშირები აქვთ".

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს მხოლოდ ოლიგარქებს არ ეხება და საუბარია ლობისტების გაზრდილ რიცხვზე, რომლებიც რუსული ელიტის ინტერესების გატარებას ცდილობენ.

კომისიის წევრები ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებენ, მიიღონ შესაფერისი ზომები ამ საფრთხეების და პუტინთან დაკავშირებული ელიტების წინააღმდეგ.

შესაძლო საფრთხეებს შორის მოიაზრება რუსეთის დაზვერვის მხრიდან ბრიტანეთში მცხოვრები, პუტინის მთავრობასთან დაპირისპირებული რუსების წინააღმდეგ თავდასხმები, მათზე თვალთვალი, უკანონო დაკავება და გასამართლებისათვის რუსეთში გადაყვანა. ნახსენებია ალექსანდრ ლიტვინენკოს და სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეები.

კომისიის წევრები მთავრობას მოუწოდებენ მეტად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და გამოყოფენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთი "ახლო საზღვარგარეთად" განიხილავს. საუბარია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე და ნათქვამია, რომ რუსეთს სურს შეინარჩუნოს გავლენა და ამისათვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკას და კიბერ-თავდასხმებს.

"ეს მცირე ვადიანი პროექტი არ არის: ხანგრძლივი მხარდაჭერა და გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო *** რუსეთის გავლენების წინააღმდეგ".

ხაზგასმულია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა:

"ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობა არის წინსვლის გზა. რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო კონსენსუსია საჭირო. დასავლეთი ყველაზე ძლიერია, როდესაც კოლექტიურად მოქმედებს და ეს არის ის გზა, რომლითაც პუტინის ქმედებებისთვის საფასურს დავაწესებთ. გაერთიანებულმა სამეფომ აჩვენა, რომ შეუძლია საერთაშორისო პასუხს ფორმა მისცეს, როგორც ეს მოხდა სოლსბერის თავდასხმის დროს. ახლა შემდგომი ქმედებები ამაზე უნდა დავაშენოთ, რათა ბიძგი არ დაიკარგოს".

ანგარიში გასული წლის ნოემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გამო გადაიდო. პრესკონფერენციაზე კომიტეტის წევრებმა პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, ანგარიშის გასაჯაროვების გადადების გამო გააკრიტიკეს.

ანგარიშში არსებული სენსიტიური დეტალები არ გასაჯაროვდება. ბრიტანეთის მთავრობა ანგარიშზე კომენტარს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

კომენტარები