რამზან კადიროვი

პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

vk.ru

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რამზან კადიროვს სამხედრო - გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.

"მე მადლობას ვუხდი ვლადიმირ პუტინს ახალი ტიტულის მონიჭებისთვის, ისევე, როგორც ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი დიდებული სახელმწიფოს განვითარებისთვის. სულ ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, მე ვარ ჩვენი პრეზიდენტის ერთგული ქვეითი ჯარისკაცი, რომელიც მზად არის, შეასრულოს მისი ნებისმიერი სირთულის ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე". - წერს კადიროვი სოციალური ქსელის, ვკონტაკტეს გვერდზე.

მედუზა წერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს დმიტრი მედვედევმა 2009 წელს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. კადიროვი, რომელიც მაშინ 33 წლის იყო, რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა გენერალ-მაიორი გახდა. თუმცა, ახლა ამის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.

2004 წელს კადიროვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის". პუტინმა კადიროვი ასევე დააჯილდოვა ღირსების ორდენით და კიდევ არაერთი სხვა ტიტულით.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კი კადიროვს 2020 წლის 20 ივლისს სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კადიროვი და მისი ოჯახი სანქცირებულია "ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩადენისთვის, წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებების ჩათვლით" და რომ აშშ უყოყმანოდ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

რამზან კადიროვის გვარი ფიგურირებს საქართველოში 15 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში - გაირკვა, რომ ამ დღეს დაკავებული, ეთნიკურად ინგუში, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი ქვეყანაში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები