საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

რით ერთობიან საქართველოს საპატრიარქოში?

პანდემიისას გადადებული ლგბტქ ღონისძიებების გამო, ჰომოსექსუალებზე ნადირობის შესაძლებლობას მოკლებულ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კვლავ განახლდა კლერიკოსთა საყვარელი ასპარეზობა - ურთიერთბრალდებები მწვალებლობაში.

"ერეტიკულ შფოთებად" წოდებული დაპირისპირების ჩაცხრობა სასულიერო აკადემიის პროფესორ ედიშერ ჭელიძესა და რაფაელ კარელინის დაჯგუფებას შორის, რომელსაც ამჯერად სათავეში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან აფილირებული მღვდელი - დავით ისაკაძე უდგას, საპატრიარქომ კიდევ ერთხელ სცადა.

რადგან გარე მტრებთან ბრძოლა ეპიდემიური ვითარების გამო ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება და მხოლოდ ლგბტ დროშის ქვეშ აღსრულებულ პარაკლისებს უნდა დასჯერდე, ეკლესიის შიგნით უძველესმა მტრებმა ერთმანეთი ხელახლა აღმოაჩინეს. 

ამჯერად დავა იმას არ ეხება, მოხვდებიან თუ არა უნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში - საკითხი უფრო ამბიციურად დგას.

დავის არსში გარკვევას არ გთავაზობთ, მხოლოდ ამბიციათა და მოცალეობათა მასშტაბს გაჩვენებთ. 

მაშ ასე, "საპატრიარქოს უწყებანს" თუ გადახედავთ, იქ ასეთი ცნობა დაგხვდებათ: 

2020 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საღვთისმეტყველო შეხვედრა:

მაცხოვრის კაცობრივი ბუნების შესახებ!

და, ვინ ჩათვალა, რომ ამ საკითხზე მსჯელობის ან დროა და ან მსჯელობა შეუძლია? 

კაცობრივი ბუნების ყოვლისმცოდნეობის ექსპერტთა სიას ხსნის მოსაყდრე შიო მუჯირი, მას მოსდევენ:

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხის, ტაო-ჯლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ახალციხის სემინარიის ბასილი დიდი), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო ინსტიტუტის წარმატებული კურსდამთავრებული), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქინადრიტი დავითი (ჭინჭარაული), დეკანოზი დავით ისაკაძე, დეკანოზი დავით ქვლივიძე, დეკანოზი დავით ლასურაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე ედიშერ ჭელიძე.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას დავით ისაკაძეც ესწრებოდა, საპატრიარქოს უწყებანი ამტკიცებს, რომ შეხვედრა ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა.

განმარტება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ყოვლისმცოდნეობის შესახებ შემდეგნაირად წაუკითხავთ:

"მაცხოვრის ადამიანური ბუნება, თუკი ეს ბუნება ჩვენს გონებაში („ჩვენს გონებაში“, იმიტომ რომ რეალობაში ეს შეუძლებელია, ვინაიდან ერთგზის მიიღო რა უფალმა ჩვენი კაცება, არასოდეს განეყოფა მას) ცალკე იქნება გამოყოფილი და გამიჯნული მაცხოვრის ჰიპოსტასისაგან, თავისთავად, რა თქმა უნდა, არის უმეცარი და არმცოდნე, მაგრამ, იგივე ადამიანური ბუნება მიღებული უფლისაგან, ანუ უფლის ჰიპოსტასთან შეერთებული ადამიანური ბუნება (უფლის კაცება), არის ყოველივეს მცოდნე, ანუ სწორედ ამ შეერთებულობის შედეგად მაცხოვრის კაცებამ ყოველივე იცის", - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს უწყებანი კი წერდა შეხვედრის მონაწილე ყველა პირი დაეთანხმა დებულებას იმის შესახებ, რომ "მაცხოვრის კაცობრივი ბუნება ცალკე განხილული უმეცრებითია, მაგრამ მაცხოვრის ჰიპოსტასში შეერთებული კაცობრივი ბუნება ყოვლისმცოდნეაო" დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემაც კი წაიკითხა ეს ფორმულა რამდენჯერმე, მაგრამ სულ მალე მღვდელმა დავით ისაკაძემ ყველაფერი აურია, განცხადება გამოაქვეყნა, საპატრიარქოს პრესსპიკერს, რომელიც სხდომაზე - კვლავ განვმეორდეთ - რამდენიმეგზის დაშვრა ფორმულის გამეორებაში, მონოფიზიტი უწოდა და "შეთანხმებიდან გავიდა".

"აღნიშნული სწავლება იმის შესახებ, თითქოს იესო ქრისტე კაცობრივი ბუნებითაც ყოვლისმცოდნეა, არის მონოფიზიტური სწავლება. სხდომაზე, რომელიც საპატრიარქოში შედგა, მიტროპოლიტ შიოს მიერ მოკლედ ითქვა, რომ ყოვლისმცოდნე არის მაცხოვრის ჰიპოსტასი და არა მისი კაცობრივი ბუნება. სწორედ ასეთია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და აღნიშნულ პოზიციასა და სწავლებას ეთანხმებიან ხსენებულ სხდომაში მონაწილე მამები: დეკანოზი დავითი (ისაკაძე), დეკანოზი დავითი (ქვლივიძე) და დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი). რაც შეეხება მაცხოვრის მიერ მისი კაცობრივი ბუნებით ყოვლისმცოდნეობის სწავლებასა და თითქოს ხსენებული მამებიც ეთანხმებოდნენ ამ სწავლებას სხდომაზე, არის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინტერპრეტაცია და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია "საპატრიარქოს უწყებანის" რედაქციისთვის. მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის: მაცხოვრის ჰიპოსტასი ყოვლისმცოდნეა, მისი კაცობრივი ბუნება - არა, რადგან იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, თვინიერ ცოდვისა", - წერია დავით ისაკაძის განცხადებაში.

ფორმულები მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ყოვლისმცოდნეობის შესახებ იქით იყოს, მაგრამ ის ფორმულა თუ გახსოვთ, სოფელს ცეცხლი ეკიდა და გიჟი თმას ივარცხნიდაო?

კომენტარები