აშშ-ს თავდაცვის აქტი

ბოკერია აშშ-ს თავდაცვის აქტზე: ზალკალიანს არ ესმის პრობლემის არსი, ეს პოლიტიკური დიაგნოზია

ტაბულა

"აბსურდის თეატრი გრძელდება" – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. 

დავით ზალკალიანი აშშ-ს სენატის მიერ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა უშედეგოდ სცადეს აქტში პოლიტიკური ინტერესების წარმოჩენა. 

"თავისთავად ასე რომ უყურებენ საკითხს და არ ესმით, რა არის პრობლემა, ეს უკვე პოლიტიკური დიაგნოზია. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, დღის წესრიგი უნდა გვქონდეს ის, როდის მოგვცემენ თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც ჩვენს გაჭირვებულ და საშუალო კლასის ოჯახებს დაეხმარება, რომ ეკონომიკა ამუშავდეს და სიღარიბის ზღვარზე არ იყვნენ; უნდა გვქონდეს საუბარი უსაფრთხოების თანამშრომლობის ნაწილში ურთიერთობის ხარისხობრივ გაღრმავებაზე, NATO-ში გაწევრიანების კამპანიის ახალ ტალღაზე და ა.შ. 

ამის ნაცვლად დისკუსია არის იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო და ამ დოკუმენტში, რომელიც ბატონმა ზალკალიანმა იზეიმა, დიახ, საქართველოს, როგორც ქვეყანას, მხარს უჭერენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ იქვე, იმ შესწორებაში, რომელიც ქვედა პალატაში დააყენეს, საუბარია კონკრეტული პირობის დაყენებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოდის და არ ღრმავდება კრიზისი სასამართლოს დამოუკიდებლობის, შერჩევითი სამართლის, კორუფციისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, სწორედ ეს არის პრობლემა და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისგან მშვიდობიანი ჩამოცილების შემდეგ. 

"შეერთებულ შტატებში მოკავშირეებისთვის ყურადღების მოპოვებაც კი მნიშვნელოვანია. ივანიშვილის გუნდის დანაშაულია, რომ ეს რესურსი, რომელიც საქართველოს ქართული საზოგადოების დახმარებით ჰქონდა, რომ ის გამორჩეული იყო, გაფლანგა და ახლაც ფლანგავს". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი საქართველოს რესურსს ხარჯავს ინვესტორების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური დევნის, ზოგადად, კრიზისისა და კორუფციის პრობლემებში. 

"თუ დღის წესრიგიდან იქით გადახვედი, მერე შეიძლება, საერთოდ ჩამოცურდე ქვემოთ. ეს ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან საშიშია და ერთადერთი ისტორიული პარალელი, რასთანაც შეგვიძლია გავავლოთ, ეს არის 2003 წელს შევარდნაძის შემთხვევა, რომელმაც ისე შეიყვანა ქვეყანა კრიზისში, რომ იქამდე მიიყვანა ქვეყანა". – თქვა გიგა ბოკერიამ.

23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომლითაც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

აქტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო აქტივობებს, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვით ქმედებებს შეეხება. ის 21 ივლისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ.

მასში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შეკავების პოლიტიკის გასაძლიერებლად უნდა გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირების მიმართულებით და ეს უნდა მოხდეს უკრაინისა და საქართველოს ჩართულობით .

თავდაცვის აქტში ცვლილება დაარეგისტრირა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა. ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხებოდა, თუმცა კონგრესმა აქტი ამ შესწორების გარეშე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი, რომელიც საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებას მოიცავს, კონგრესში კვლავ განიხილება.

კომენტარები