არჩევნები 2020

კობახიძე Edison Research-ზე: ველზე მომუშავე კომპანიას მარტივად შეეძლო მონაცემების გაყალბება

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ Edison Research-ის კვლევა ველზე მომუშავე ქართულმა კომპანიამ გააყალბა.

"რაც შეეხება Edison Research-ს, ეს არის საერთაშორისო კომპანია. ისინი მალავენ ასევე იმას, თუ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ჩვენც გვაქვს გამოცდილება კვლევების ჩატარების კუთხით და ძალიან კარგად ვიცით, რომ, როდესაც საერთაშორისო კომპანიის ბრენდი გამოიყენება, ისინი ჩართული არიან, რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის შემუშავებაში, მაგრამ ველზე მუშაობს ქართული კომპანია, რომელსაც ისინი მალავენ და რატომ მალავენ, ესეც მარტივი გამოსაცნობია. ველზე მომუშავე კომპანას ძალიან მარტივად შეუძლია ამ მონაცემების გაფუჭება. 

Edison Research-ს ჩვენ ვერაფერს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ, ვინც მუშაობდა ველზე, მას მარტივად შეეძლო, ეს მონაცემები გაეყალბებინა", - ამბობს ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ატარებს თუ არა "ოცნება" წინასაარჩევნო კვლევებს და რა მონაცემები აქვს მას, კობახიძე პასუხობს, რომ "3 შეგიძლიათ გადააკეთოთ, ოღონდ, ეს არ იქნება 4 - იქნება მეტი." კობახიძე ასევე ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში "50%-ს კარგად ვართ აცდენილი."

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - ევროპულ საქართველოს.

კომენტარები