რუსეთი-თურქეთი

პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი განიხილეს

Pavel Golovkin/Pool / REUTERS

28 ივლისს, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დეესკალაციის აუცილებლობაზე იასუბრეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ორივე მათგანმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის აუცილებლობასა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის კოორდინაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის, ყარაბაღის საკითხზეც. 

გუშინ, 27 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ. 23 ივლისს ერთობლივი წვრთნები დაიწყეს სომხეთმა და რუსეთმაც. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან.

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებას, საზღვართან პროვოკაცია უწოდა.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, სომხეთმა კი ის პოზიციები გაანადგურა, საიდანაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა. ისინი ირწმუნებიან, რომ სომხეთის მხარეს 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს და სომხეთი ამას მალავს.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი - პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები