არჩევნები 2020

დეგნანი ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ხმების მოსყიდვისა და დაშინებისგან თავისუფალი უნდა იყოს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო მდივან პომპეოსა და პრემიერ გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით პირველი კომენტარი. მანაც აქცენტი გააკეთა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაზე.

"ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ეს საუბრები რეგულარულად, როგორც ამას ვაკეთებთ სხვადასხვა არხის მეშვეობით.... ცხადია არსებობს დიდი ინტერესი და ყურადღება საქართველოში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიმართ საკუთარი ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს.

თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, ხმების მოსყიდვისგან და ამომრჩევლის დაშინებისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა საქართველოს მიერ დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების საჩვენებლად". – თქვა დეგნანმა [თარგმანი: formula]

გუშინ, 27 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და პრემიერმინისტრ გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პომპეომ გახარია სასამართლოსა და საარჩევნო პროცესის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

"დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ესაუბრა. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და პრემიერმინისტრმა გახარიამ მიმოიხილეს საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი ახლო კოორდინაცია Covid-19-თან ბრძოლისას.

სახელწიფო მდივანმა პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. მან შეაქო კონსტიტუციური ცვლილებებით მიღებული ნაწილობრივი პროპორციული საარჩევნო სისტემა და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების აუცილებლად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა [პრემიერმინისტრს] გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის და მან [გახარია] სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის უდრეკი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაეთანხმა პრემიერმინისტრს, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს მისი დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები." – წერია განცხადებაში.

კომენტარები