რუსული დეზინფორმაცია

AP: აშშ-მ დასავლეთში Covid-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელების GRU-ს მეთოდები გამოავლინა

AP

Associated Press-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მეთოდები გამოავლინა, რომლითაც დასავლეთში კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ.

საუბარია სამ ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი ცდილობს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად კორონავირუსის კრიზისი გამოიყენოს.

დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის (GRU) ორი მაღალჩინოსანი.

აშშ-ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გასაჯაროებულა. ანონიმური წყაროების მიხედვით, დეზინფორმაციის გავრცელებაში შემჩნეულმა ვებ-გვერდებმა მაისიდან ივლისამდე 150-მდე სტატია გამოაქვეყნეს, რომლებშიც კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, რუსეთის პოლიტიკას აქებენ, ხოლო აშშ-სას აკრიტიკებენ.

დეზინფორმაციის გავრცელება უკავშირდება რუსეთში დარეგისტრირებულ სააგენტო InfoRos-სს, რომელიც რამდენიმე ვებ-გვერდს ფლობს, მათ შორის არის InfoRos.ru-ი, Infobrics.org-ი და OneWorld.press-ი.

მათ მიერ გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან, ინფორმაციას აზიარებენ სხვა ვებ-გვერდები და სააგენტოებიც.

რუსეთის ორი მოქალაქე, დენის ტიურინი და ალექსანდრ სტარუნსკი InfoRos-სს ხელმძღვანელობდნენ და პარალელურად მსახურობდნენ GRU-ს სამხედრო ფსიქოლოგიური დაზვერვის დანაყოფში.

InfoRos-ის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებაზე და რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე საუბრობდნენ ევროპელი ანალიტიკოსებიც. 2019 წელს ევროკავშირის სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც დეზინფორმაციის კამპანიას შეისწავლიდა დაასკვნა, რომ მათ მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდები რუსეთის ხელისუფლების დღის წესრიგს ატარებდნენ სირიის ომთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სხვა საკითხების გაშუქებისას.

ბრიუსელში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია, EU DisinfoLab-მა კი გასულ თვეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შეისწავლეს InfoRos-ისა და one World-ის კავშირები რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან. მათ გამოავლინეს, რომ InfoRos-სსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ფინანსური კავშირები არსებობს.

კომენტარები