ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში, შესაძლოა, Covid-19-ის გამო საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები გადადონ

teletrader

ჰონგ-კონგში საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები ახალი კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, შესაძლოა, 1 წლით გადადონ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჰონგ-კონგის სახელმწიფო მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით . 

არჩევნები 6 სექტემბერს არის ჩანიშნული, სადაც პეკინის გაზრდილი წნეხის ფონზე დემოკრატიის მომხრე კანდიდატების უმრავლესობით გამარჯვებას პროგნოზირებენ. 

მთავრობს კონსტიტუციური და კონტინენტური ჩინეთის საქმეთა ბიუროს განცხადებით, არჩევნებისთვის საარჩევნო ოფისთან ერთად ემზადებიან. ისინი ითანამშრომლებენ საკვებისა და ჯანმრთელობის ბიუროსთან, ჯანდაცვის ცენტრთან და მსგავს დეპარტამენტებთან, რათა მონიტორინგი გაუწიონ ეპიდემიის განვითარებას და სხვადასხვა გეგმები შეიმუშაონ.

"არჩვენების გადადებისთვის პანდემიის მომიზეზება ტყუილია." – წერს ჰონგ-კონგის ერთერთი ცნობილი ოპოზიციონერი და დემოკრატიის მომხრე კანდიდატი, ჯოშუა ვონგი. 

ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უშიშროების კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები პირველი არჩევნებია, რაც ჰონგ-კონგში ტარდება. 

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის უთხრა, რომ ბრიტანეთი ახლოდან დააკვირდება არჩევნებს. მან ჩინელ დიპლომატს განუცხადა, რომ ჩინეთს საერთაშორისო საზოგადოებაში ნდობა უნდა აღედგინა. 

ქალაქის კანონმდებლობით, მთავრობას იმ შემთხვევაში შეუძლია გადადოს არჩევნების თარიღი, თუ ქალაქის ლიდერი ჩათვლის, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა საფრთხეშია. 

ჰონგ-კონგში იანვრიდან ახალი კორონავირუსის დაახლოებით 3000 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი - ეს რიცხვი მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქების ეპიდსიტუაციასთან შედარებით დაბალია.

თუმცა, გასულ დღეებში მთავრობამ ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებზე განაცხადა. რესტორნებში სადილი აიკრძალა. ქალაქში, ამჟამად, ორ ადამიანზე მეტის შეკრება დაუშვებელია.

დემოკრატიის და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლიდან, სულ მცირე, 68 ქვეყანამ ან ტერიტორიამ ეროვნული ან რეგიონალური არჩევნები ახალი კორონავირუსის გამო გადადო. სულ მცირე 49 ქვეყანამ ან ტერიტორიამ კი გადაწყვიტა, რომ ეროვნული ან ადილობრივი არჩევნები ჩაეტარებინა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჩინეთის მხრიდან გაზრდილი ზეწოლისა და უშიშროების ახალი კანონების მიღებისა, ოპოზიციის მიერ ჩატარებული პრაიმერში მონაწილეობა მასში 600 000-მდე ადამიანმა მიიღო.

ვრცლად, უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

ჩვეულებრივ, ჰონგ-კონგში არჩევნების წინ პრაიმერი არ ტარდება ხოლმე, თუმცა ამჯერად ოპოზიციამ გადაწყვიტა, საერთო კანდიდატები ამ მეთოდით გამოევლინა, რათა სექტემბერში დანიშნულ საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი ჰქონოდა.

ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგში ოპოზიციის მიერ ჩატარებული პრაიმერი უკანონოა და გამოიძიებენ, არღვევდა თუ არა ის უშიშროების ახალ კანონებს. პრაიმერი ჰონგ-კონგში ჩინეთის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ჩარევად და პროვოკაციად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, საოლქო საბჭოების არჩევნებში პრო-დემოკრატიულმა მოძრაობამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები