ყურბან-ბაირამი

მუსლიმები ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ

მუსლიმები მსოფლიო მასშტაბით ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამი 3 აგვისტომდე გაგრძელდება.

ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმებისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ქრისტიანებისთვის აღდგომას. 

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს იღებს ცნობილი ბიბლიური სიუჟეტიდან, რომელიც აბრაამის მიერ თავისი ვაჟის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველპატრიარქი აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი – რომელიც ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა - მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო, მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე კითხულობენ თაქბირს, ალაჰის განდიდების ლოცვას, რომელიც გრძელდება მეორე და მესამე დღესაც, ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვის შემდეგ. ვინაიდან სრულიად მუსლიმთა კრებულისთვის ლოცვა უმნიშვნელოვანეს გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, სასურველია, მან კრებულთან ერთად განადიდოს ღმერთი. სწორედ ამიტომ თაქბირს კითხულობენ არა მხოლოდ სახლსა და მეჩეთში, არამედ ქუჩებსა და მოედნებზე. ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები – ჩუმად. ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს.

მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი. თუ ცხონება გსურს, აუცილებელია სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოილოცო მექა და სწორედ აქ, ალაჰისადმი მორჩილების გამოხატვისა და მისი კაცთმოყვარეობის მოხსენების ნიშნად შესწირო ყურბანი. მაგრამ, რადგან ყველა მუსლიმს არ შეუძლია ამ წესის აღსრულება, დაშვებულია მსხვერპლშეწირვა იქ, სადაც ეს მოუხერხდებათ. ღრმადმორწმუნე მუსლიმები დღესასწაულის დადგომამდე ათი დღით ადრე საკუთარი სურვილით მარხულობენ, დაწყებამდე სამ კვირას მხიარულებისგან თავს იკავებენ, ხოლო ერთი კვირით ადრე დღესასწაულის სამზადისს შეუდგებიან ხოლმე. მსხვერპლი უნდა შეიწიროს ლოცვის შემდეგ და არავითარ შემთხვევაში ლოცვამდე – რაც, მათი რწმენით, ცხადყოფს, რომ ალაჰს უპირველესად არა საკლავი, არამედ მუსლიმთა გულები სჭირდება.

დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული. 

შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს დეფექტი, ანუ საჭიროა, ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ექვს თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში კი მათი მინიმალური ასაკი ორი წელია. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხოველი შეიძლება შეიწიროს მთელი ოჯახის სახელით. მაგალითად, ადამიანი მიიყვანს ცხოველს სამსხვერპლოსთან და როგორც წინასწარმეტყველი მუჰამედი (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა – მუჰამედის ყოველი ხსენებისას მუსლიმები ამ ფორმულის დამატებას ითხოვენ) წარმოთქვამდა, გაიმეოროს: „ეს მსხვერპლი არის ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მათთვის ჩემი კრებულიდან, ვინც არ შესწირა მსხვერპლი”. მუსლიმური ტრადიცია ამბობს, რომ შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემასთან ერთად მორწმუნეს ცოდვები მიეტევება. ერთი ტრადიცია კი გვარწმუნებს, რომ განკითხვის დღეს, როდესაც ალაჰი კაცობრიობას ცოდვა-მადლს მოჰკითხავს, მართლები სწორედ მათ მიერ შეწირული ცხოველების საშუალებით მიაღწევენ სამოთხემდე. ამიტომ საკლავს სპეციალურ ნიშანს ასვამენ, რომ ჯოჯოხეთზე გადებული ხიდის გადასალახად, განკითხვის დღეს ადვილად იპოვონ მოწყალებისთვის გაღებული შესაწირი – რომელიც ახლა მათ ტრანსპორტად იქცევა.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთი მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

აღნიშნულ დღესასწაულს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს თანამედროვე ისლამური თეოლოგიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, აღარ მისცეს საშუალება ტერორისტებს, რელიგია ძალადობის წყაროდ აქციონ. კაცობრიობის უმთავრესი მტრის, ტერორიზმის გასანადგურებლად მუსლიმები ხშირად იხსენებენ იიდ-ალ ადჰას დღესასწაულის ნამდვილ მნიშვნელობას – სადაც ღმერთი უარს ამბობს მისი მორჩილების ნიშნად ადამიანის მსხვერპლად შეწირვაზე. 

კომენტარები