არჩევნები 2020

ბოკერია: უახლოეს მომავალში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში კანდიდატებს დავასახელებთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პარტია მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში თავის კანდიდატებს დაასახელებს. მისივე თქმით, ევროპული საქართველო დაინტერესებულია, ინდივიდუალურ შემთხვევებში, შეთანხმება მოხერხდეს კონკრეტულ ოლქებში. თუმცა, დამატებით დეტალებზე ჯერ ვერ ილაპარაკებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა სამწუხარო უწოდა ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, რეგიონებში ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი დამოუკიდებლად დააყენოს და არა სხვა ოპოზიციურ სპექტრთან შეჯერებულად.

ბოკერიასვე თქმით, ენმ-ის მხრიდან ამ გადაწყვეტილებაზე რაციონალური და გონივრული არგუმენტი ჯერ არ მოუსმენია, თუმცა ახლა მთავარია, რომ თბილისში შეთანხმება მიღწეულია და ის არ შეიცვლება.

"თბილისის შეთანხმება გვაძლევს იმ ფორას, რაც პირველ ტურში მნიშვნელოვანია. დანარჩენში ივანიშვილი წააგებს პროპორციულად. ევროპული საქართველო იწყებს კამპანიას". - ამბობს ბოკერია.

კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ საქართველოს ენმ-სთან შეთანხმების იმედი, ევროპული საქართველოს ლიდერი პასუხობს:

"სამწუხაროდ, მათი პასუხი მოვისმინეთ, არ გვაინტერესებს ესო [შეთანხმება] და მერე ურთიერთსაწინააღმდეგო და არაგონივრული არგუმენტები მოვისმინეთ, რომ ჩვენ ყველგან წინ ვართ. ხომ ვიცით, რომ წინ არიან წინა არჩევნების შედეგით და მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მარტო მათი ხმები საკმარისი არ არის. ამიტომ ეს არ არის გონივრული არგუმენტი. მაგრამ მოვისმინეთ, გავიარეთ, თბილისში გვაქვს შეთანხმება და დაწყებულია კამპანიის აქტიური ფაზა".

მისივე განცხადებით, ენმ-სთან საერთო კანდიდატებზე ვერშეჯერება არ ზრდის ქართული ოცნების გამარჯვების შანსებს, თუმცა ზრდის "შარიანი, სულელური, მავნებლობების და ნევროზული ნაბიჯების რისკებს პირველ და მეორე ტურებს შორის".

"თორემ გამარჯვებით ვერ გაიმარჯვებს". - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერი ასევე არ ფიქრობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობა ამომრჩევლის დემორალიზებას გამოიწვევს.

"არ მგონია, ამომრჩევლის დემორალიზება მოხდეს. ეს არის ჩვენი მიზანიც. უბრალოდ, ამომრჩეველს უნდა სცოდნოდა, ვის რა ხედვა ჰქონდა, იმიტომ, რომ ჩვენ, ცივილიზებულად, ერთმანეთის კონკურენტებიც ვართ. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ უფრო გონიერია დაგეგმვაში. თბილისის შეთანხმებაც, სხვებთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, ეს იცის ყველამ". - თქვა მან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. ამიტომ, ევროპულმა საქართველომ მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, "გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში". პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნაა "ოპოზიცია შეჯერდეს მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში - ყველგან".

28 ივლისს ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა. მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს წინადადება ძალაში კიდევ რამდენიმე დღეს იქნება, რადგან "დრო ძალიან ცოტაა".

კომენტარები