გიორგი რურუას საქმე

კობახიძე რურუას განაჩენზე დასავლელი პარტნიორების კრიტიკას აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი კობახიძე გიორგი რურუას პატიმრობაზე დასავლელი პარტნიორების კრიტიკას აბსოლუტურად მიუღებელს უწოდებს.

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებით". - თქვა მან.

კობახიძისვე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაა და "საქართველოს პარტნიორები ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ".

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და ანდრეას კუბილიუსმა და აშშ-ის სენატორმა, ჯიმ რიშმა.

რიშმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტს კი მოუწოდა, შეიწყალოს რურუა.

იგივე მოწოდებები გააკეთეს ფოტიგამ და კუბილიუსმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები