უიღურები

აშშ-მ ჩინეთის ნახევრადსამხედრო ორგანიზაციას სინძიანგის გამო სანქციები დაუწესა

Axios

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 31 ივლისს ჩინეთის ნახევრად სამხედრო გავლენიან ორგანიზაციას სინძიანგში უიღურების და ეთნიკური უმცირესობის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები ორ ჩინელ მაღალჩინოსანსაც ეხება.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები უწესდებათ სინძიანგის წარმოებისა და კონსტრუქციის კორპუსს (XPCC), ასევე, XPCC-ის ყოფილ პარტიის მდივანს, სუნ ძინლონგს და XPCC-ის პარტიის მდივნის მოადგილესა და მეთაურს, ფენგ ძიაჟუეის. აშშ მათ ადანაშაულებს, რომ სინძიანგში ეთნიკური უმცირესობების ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან არიან დაკავშირებულნი.

"ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ სინძიანგში უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების ადამიანის უფლებების დარღვევა საუკუნის ლაქაა," - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

ვაშინგტონის სანქციებით კომპანიას და ორ მაღალჩინოსანს აშშ-ში არსებული აქტივები ეყინებათ, ამერიკელებს მათთან ბიზნესურთიერთობა ეკრძალებათ. სუნ ძინლონგს და ფენგ ძიაჟუეის აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, Reuters-ს უთხრა, რომ კომპანია "ფარული ნახევრად სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც [ჩინეთის კომუნისტური პარტიის] პირდაპირი კონტროლით სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს".

მისივე თქმით, ისინი ჩართულები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მეთვალყურეობაში, დაკავებასა და ინდოქტრინაციაში, რის სამიზნეც არიან უიღურები და სინძიანგის ეთნიკურ უმცირესობათა სხვა წარმომადგენლები. 

ყოფილმა ოფიციალურმა პირმა და სანქციების ექსპერტმა ამერიკის უსაფრთხების ახალ ცენტრში, პიტერ ჰარელმა თქვა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სანქციები აშშ-ს მიერ ზეწოლის "არსებითი ესკალაციაა" და ეს ნაბიჯი გაფრთხილებას უგზავნის კომპანიებს, რომლებიც ჩინეთში საქმიანობენ - "როგორც იქნა, ტრამპის ადმინისტრაციამ სინძიანგის ქმედებებზე შინაარსიანი სანქციები დააწესა".

XPCC 1954 წელს დაფუძნებული ნახევრად სამხედრო ჯგუფია. XPCC სინძიანგში ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

ივლისის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჩინეთის ეთნიკური უმცირესობის, მუსლიმი უიღურების იძულებითი სტერილიზაციისა და აბორტის შესახებ მიღებულ ცნობებზე თქვა, რომ ეს შოკისმომგვრელი და შემაწუხებელია.

სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწიფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. ბოლო ოთხი წელია, რაც ჩინეთის მთავრობა სინძიანგის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ ატარებს აქტიურ კამპანიას , რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი "დემოგრაფიულ გენოციდსაც" კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა მოიპოვა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტები შეიცავს ცხრაგვერდიან მემორანდუმს, რომელიც 2017 წელს სინძიანის კომუნისტური პარტიის მდივნის მოადგილემ გაუგზავნა რეგიონის უშიშროების ძალების წარმომადგენლებს, მათ, ვინც ბანაკებს მართავს. ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ ისევე, როგორც დაცული ციხეები, მკაცრი დისციპლინითა და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ მოითხოვა გამოძიება, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაუნდობლად იმოქმედონ "ტერორისტებისა" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ .

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანგის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით, რეპრესიებში მოჰყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით, დოკუმენტები მათ გადასცა ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და, ძირითადად, მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით, ცენტრებში უნდა ისწავლებოდეს მანდარინი და ხელობის სწავლის გარდა, "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ისინი, ვინც ამ ცენტრებს თავი დააღწია, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფასა და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ისინი ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები