კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გადაიდო. მიზეზი ინფიცირების შემთხვევების მატებაა. პირველი აგვისტოდან შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო კაზინოებზე, ბოულინგცენტრებზე, ყინულის მოედნებზე, ასევე დახურულ სივრცეში გასამართ ღონისძიებებზე, სპორტულ ღონისძიებებზე კი უფრო მეტი ადამიანი უნდა დაეშვათ, თუმცა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა, მინიმუმ, 15 აგვისტომდე გადაიდო.

"მე ვთქვი, რომ საზოგადოების და ეკონომიკის გახსნის გეგმა პირობებზეა დამოკიდებული და არ ვიყოყმანებდით, თუ დამუხრუჭება გახდებოდა საჭირო. ჩვენი შეფასებით, ახლა მუხრუჭის გამოყენებაა მიზანშეწონილი". - თქვა ჯონსონმა.

შეზღუდვების შემსუბუქების ნაცვლად ზომები გაამკაცრეს ჩრდილოეთ ინგლისში. მანჩესტერის, ლანკაშირის და იორკშირის ნაწილებში სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენლებს დახურულ სივრცეში შეხვედრა აეკრძალათ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის თქმით ეს აკრძალვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხალხი შეხვედრების მოწყობას აგრძელებდა სოციალური დისტანციის წესებს არ იცავდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა 303 952 ადამიანს, გარდაიცვალა - 46 193.

კომენტარები